ახალი ამბები

კირილეს თქმით, ცოდვებისგან განიწმინდება ის, ვინც სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება

26 სექტემბერი, 2022 • 1051
კირილეს თქმით, ცოდვებისგან განიწმინდება ის, ვინც სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ამბობს, რომ სამხედრო მოვალეობის შესრულებისას სიკვდილი არის ყველა ცოდვისაგან განწმენდის ტოლფასი. კირილემ, რომელსაც არაერთგზის გაუმართლებია რუსეთის ომი უკრაინაში, აღნიშნულის შესახებ ქადაგებისას ისაუბრა.

“თუ ვინმეს მოვალეობის გრძნობა, ფიცის შესრულების აუცილებლობა ამოძრავებს, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, მაშინ ის უეჭველად სჩადის თავგანწირვის ტოლფას ქმედებას.

ის თავს სწირავს სხვებისთვის. და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი განწმენდს ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა”, — ციტირებს მას გამოცემა The Moscow Times.

გამოცემის თანახმად, პატრიარქმა კირილემ პარალელები გაავლო იესო ქრისტესთან, რომელიც დათანხმდა სიკვდილით დასჯას სხვათა ცოდვებისთვის.

“თუკი ღმერთი საკუთარი ძის სიცოცხლეს სხვა ადამიანებისთვის სწირავს, ადამიანური მოდგმისთვის, თავის გაწირვა არის ადამიანის სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება სხვა ადამიანების მიმართ”.

“ქრისტე აღსდგა და ჩვენც აღვდგებით მასთან ერთად! სიცოცხლე მარადიულია და ამიტომ წადით თამამად, შეასრულეთ თქვენი სამხედრო მოვალეობა”, — დასძინა მან.

პატრიარქი კირილე ნაწილია პუტინის პროპაგანდისტული რიტორიკისა, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობასა და მოსკოვის საპატრიარქოს მიმდევრებს გათავისუფლება სჭირდებათ.

ომის დაწყების შემდეგ კირილემ უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცა, თუმცა მანვე ჩაატარა წირვა რუსეთის არმიისთვის და აკურთხა ეს უკანასკნელი, ხატი გადასცა “როსგვარდიის” გენერალს და ისაუბრა რუსეთზე, როგორც “მშვიდობისმოყვარე” ქვეყანაზე.

ის ასევე ამტკიცებს, რომ “რუსეთს არავისთვის შეუტევია” და მან მხოლოდ “თავისი საზღვრები დაიცვა”.

ამ ფონზე, ომის დაწყების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული ეკლესიის ასობით მღვდელმა მოითხოვა, კირილე საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს.

მაისში ხსენებულმა ეკლესიამ “სრული ავტონომიისა და დამოუკიდებლობის” შესახებ განაცხადა, დაგმო რუსეთის აგრესია და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ომზე მოსკოვის პატრიარქ კირილეს პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი