ახალი ამბები

კიდევ დააყადაღეს ქონება, მიჰყავთ ავტომობილები – გოგაშვილის შვილი

23 სექტემბერი, 2022 • 1847
კიდევ დააყადაღეს ქონება, მიჰყავთ ავტომობილები – გოგაშვილის შვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახლთან დილიდან სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი აცხადებს, 20 სექტემბრის სასამართლოს ახალი განჩინების საფუძველზე გოგაშვილის ცოლისა და შვილების, ასევე მათი გარემოცვის საკუთრებაში არსებული ქონება დააყადაღეს. მათ  შორის, მისი თქმით, სამართალდამცავებს თან მიჰყავთ გოგაშვილების სამი ავტომობილი.

„თავიდან ორი შკოდით მოვიდნენ დაახლოებით 10-მდე პიროვნება. აივნიდან გადავხედე და ვუთხარი, რის საფუძველზე იყვნენ მოსულები, ვკითხე გამომძიებელს სახელი-გვარი და ტელეფონის ნომერი და არ მითხრა. თავიდან მარტო ის მითხრა, რომ ყადაღაზე იყვნენ მოსულები. ვინაიდან თავიდან არ გვქონდა ინფორმაცია,  ჩავთვალეთ, რომ სახლის ჩხრეკაზე იყვნენ მოსულები. უკვე ერთი საათის მერე ამ გამომძიებელმა მითხრა, რომ მოსულები იყვნენ მანქანის დაყადაღებასთან და სხვა ქონებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ნინი გოგაშვილი.

როგორც ნინი გოგაშვილი ამბობს, სამართალდამცავებს მათი მანქანები უკანონოდ მიჰყავთ, რადგან სასამართლოს განჩინებაში არ წერია, რომ მათ სარგებლობის უფლება უნდა შეეზღუდოთ. ამიტომ, მისი თქმით, აღნიშნულს გაასაჩივრებენ.

„ახალი სასამრთლო განჩინება იყო და მოვახსენე, რომ მხოლოდ ადვოკატების საშუალებით გვექნებოდა მათთან კომუნიკაცია, რომ არ დარღვეულიყო ჩვენი უფლებები. ახლა შევიტყვეთ, რომ 20 სექტემბრის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააყადაღეს ის ქონება, რაც მანამდე არ იყო დაყადაღებული და თან მიჰყავთ ჩვენი სამი მანქანა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ განჩინებაში არ არის აღნიშნული, რომ ჩვენ უნდა შეგვეზღუდოს სარგებლობის უფლება. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მიჰყავთ მანქანები.

მათ კანონით არ აქვთ უფლება, რომ ამ განჩინების საფუძველზე წაიყვანონ მანქანები, მაგრამ მაინც კანონს არღვევენ და როცა ვკითხეთ, რის საფუძველზე მიჰყავდათ, რადგან განჩინებაში არაა, გვითხრეს რომ გაასაჩივრეთო“, – ამბობს ნინი გოგაშვილი.


უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

გოგაშვილების ქონების ნაწილი 11 სექტმებერს გამოცემული სასამართლოს განჩინებითაც დაყადაღდა. სოსო გოგაშვილის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა ბრალის დამძიმებას გეგმავს და ვარაუდობს, რომ უწყება გამოძიებას აწარმოებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი