ახალი ამბები

ადვოკატებმა ნარსიას სახეზე დაზიანებების შესახებ ისაუბრეს — რა თქვა მოსამართლემ

23 სექტემბერი, 2022 •
ადვოკატებმა ნარსიას სახეზე დაზიანებების შესახებ ისაუბრეს — რა თქვა მოსამართლემ

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე, რომელიც 22 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ადვოკატებმა ისაუბრეს მათი დაცვის ქვეშ მყოფის სახეზე დაზიანებებზეც.

ნარსიასთვის პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა, დაცვის მხარე კი, 100 000 -ლარიანი გირაოს შეფარდებას. საბოლოოდ სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და პატიმრობაში დატოვა ბანკზე თავდამსხმელი.

პროკურატურის თანახმად, ნარსიას ბრალი წარდგენილი აქვს შემდეგი მუხლების შესაბამისად:

  • სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება);
  • სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილი (ტერორისტული აქტი)
  • სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით).

სასამართლო პროცესზე გრიგოლ ნარსიამ დანაშაული აღიარა, თუმცა დასძინა, რომ ტერორიზმის განზრახვა არ ჰქონია. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროცესზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ნარსიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება და გამოძიების პროცესში აღნიშნულის მიზეზის გამორკვევის იმედი გამოთქვეს.

“მინდა, სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირდეს, რომ გრიგოლ ნარსიას სახეზე აღენიშნება ნაჭდევები, დაზიანებები და ალბათ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში გაირკვევა, თუ რამ განაპირობა ეს”, — აღნიშნა ადვოკატმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლემ თქვა, რომ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიეწოდება:

“უმჯობესია, ამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მოიძიოს შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ. მოგეხსენებათ, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო, სხდომის დასურლებისთანავე, პირველივე სამუშაო დღეს, მიაწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც… დეტალურ ინფორმაციას მოიძიებს და შემდგომ გადაწყდება საკითხი, დადგინდება, თუ რა მდგომარეობაში, რა გარემოში ეს დაზიანება და მოხდა თუ არა რაიმე კუთხით ბრალდებულის უფლებების დარღვევა”.

გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს შეიჭრა ქუთაისში მოქმედ “საქართველოს ბანკში” და პროკურატურის ცნობით, რამდენიმე საათის მანძილზე 13 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ნარსიას ბანკზე თავდასხმისას თან ჰქონდა ხელყუმბარა, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, დანა და ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

“ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი.

მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა”, – წერს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, რამდენიმე საათში 5 მძევლის გამოყვანა მოხერხდა, 19:36 საათზე კი გრიგოლ ნარსია ბანკის სერვისცენტრში დააკავეს და მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი