ახალი ამბებისამართალი

“ცნობილია, რისთვის სჭირდებოდა თავდამსხმელს ანკესი და რუსეთის დროშა” – რ2 ჩვენებას აქვეყნებს

22 სექტემბერი, 2022 • 3755
“ცნობილია, რისთვის სჭირდებოდა თავდამსხმელს ანკესი და რუსეთის დროშა” – რ2 ჩვენებას აქვეყნებს

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია განმარტავს, რომ ვერტმფრენი, ანკესი და რუსეთის დროშა მას სჭირდებოდა ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი რუსეთში გადასასვლელად. ამის შესახებ მის ჩვენებაშია ნათქვამი, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მოიპოვა.

“კურიერის” ინფორმაციით, ნარსია ჩვენებაში წერს, რომ მას სურდა ანკესის საშუალებით ვერტმფრენზე რუსეთის დროშა გადმოეფინა და ასე გადასულიყო ჯერ ოკუპირებული აფხაზეთის, შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე.

ამასთან, როგორც “რუსთავი 2” აცხადებს, ნარსია ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მას ბანკში მძევლების აყვანისას ჰქონდა, არ იყო ნამდვილი. ნარსია ასევე ამბობს, რომ არ ჰყავდა თანამზრახველი.

რაც შეეხება თანხას, თავდამსხმელი ამბობს, რომ ბანკში შესვლისას თანამშრომლებს თანხა მოსთხოვა, თუმცა სალაროში მისთვის არასაკმარისი რაოდენობის ფული აღმოჩნდა, რის შემდეგაც ბანკსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 მილიონი დოლარის მოსატანად 3-საათიანი ვადა მისცა.

ნარსიას ადვოკატი, დალი სულაქველიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ დაკავებულს სახეზე აქვს დაზიანებები და სურს დადგენა, არის თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული, რათა გაირკვეს, იყო თუ არა აუცილებელი ამ დაზიანებების მიყენება.

“სახეზე არსებული დაზიანებები და ნაჭდევები და სისხლჩაქცევები, ვფიქრობ, რომ მოითხოვს ამის [სამედიცინო ექსპერტიზის] დანიშვნას”, – აცხადებს ადვოკატი.

სალუქვაძის თქმით, დაცვის მხარე არ გამორიცხავს ნარსიასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, “რომ სრულად გაირკვეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი