ახალი ამბები

გრიგოლ ნარსიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა

22 სექტემბერი, 2022 •
გრიგოლ ნარსიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა

გენერალურმა პროკურატურამ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას ბრალდება წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება დღეს, 22 სექტემბერს გაავრცელა.

უწყების ცნობით, ნარსიას ბრალი წარუდგინეს შემდეგი მუხლების შესაბამისად: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით).

პროკურატურის ინფორმაციით, ნარსიას ბანკზე თავდასხმისას თან ჰქონდა ხელყუმბარა, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, დანა და ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ის ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, შემდეგ კი შენობაში მყოფ პირებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა მისი მითითებების შესრულება.

პროკურატურის ინფორმაციით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა 13 პირი:

“თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა. მან ხელყუმბარის და იარაღის დემონსტრირებით მუქარა განაგრძო, პარალელურად კი, ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე, და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა.

ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით ბანკის სერვისცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოსთხოვა, დაჰკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა”, – წერს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, რამდენიმე საათში 5 მძევლის გამოყვანა მოხერხდა, 19:36 საათზე კი გრიგოლ ნარსია ბანკის სერვისცენტრში დააკავეს და მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს.

რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით, ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე სამართალდამცავებმა, გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, თავდამსხმელი ბანკის სერვისცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი