ახალი ამბები

ქუთაისში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

14 ივნისი, 2023 • 947
ქუთაისში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გრიგოლ ნარსია გასული წლის 20 სექტემბერს შეიჭრა ქუთაისში მოქმედ “საქართველოს ბანკში” და პროკურატურის ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში 13 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი.

მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა შემდეგი მუხლების შესაბამისად:

  • სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება);
  • სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილი (ტერორისტული აქტი)
  • სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით).

პროკურატურის ინფორმაციით, ბანკზე თავდასხმისას ნარსიას  თან ჰქონდა ხელყუმბარა, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, დანა და ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

“ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა, მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი.

მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა”, – წერს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, რამდენიმე საათში 5 მძევლის გამოყვანა მოხერხდა, 19:36 საათზე კი გრიგოლ ნარსია ბანკის სერვისცენტრში დააკავეს და მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი