ახალი ამბები

კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკი აღარ არსებობს — წულუკიანი გელათზე

23 სექტემბერი, 2022 • 404
კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკი აღარ არსებობს — წულუკიანი გელათზე

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა, გელათის ძირითად ტაძარში, დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავში, კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკი აღარ არსებობს.

წულუკიანის თქმით, ამჟამად „იუნესკოს“ ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთაც წლის ბოლომდე ICOMOS-ის (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანიზაცია) დელეგაცია შეაფასებს.

კულტურის მინისტრმა გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძრის დაზიანების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წლიდან, 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით, გაგრძელდა პრობლემები, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. როგორც ცნობილია, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დაასველა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა.

„მე უარს ვამბობ ვაგო პასუხი იმაზე, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

2021 წლის მარტში გამოეყო კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა, მინისტრად კი თეა წულუკიანი დაინიშნა.

„როდესაც ძეგლთა დაცვის სისტემა ბოლომდე მოირღვა, ჩვენ მოგვიწია ამ შედეგებთან ბრძოლა. მრავალი თვის მანძილზე მომიწია მერკვია, რა იყო მომხდარი [გელათში]. არ არსებობდა არცერთი სრულყოფილი დოკუმენტი, ოქმები, თუ რა გაკეთდა 2008 წლიდან, როდესაც სახურავის რეაბილიტაცია დაიწყო. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადამიანი, ამ შემთხვევაში მინისტრი, არის ჯადოქარი, ის ვერ გამოიცნობს, რა არის კრამიტის ქვეშ, თუ არ არსებობს დოკუმენტები. ჩვენ ვერ ვიგებდით, პროექტის შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა თუ მოხდა რამე პროექტის მიღმა. მაგრამ ვხედავდით იმას, რომ თვითონ პროექტი 2008 წელს მრავალმხრივ ხარვეზიანად იყო შემუშავებული“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, მისმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ შეძლო იუნესკოს დარწმუნება, რომ გუნდი შეეკრა და შარშან საქართველოში ჩამოსულიყო.

„დავიწყეთ წყლის შეღწევის მიზეზების კვლევა. მე პარლამენტიდანაც მუდმივად ვსვამდი კითხვებს ნიკა ანთიძის წინაშე, ბატონი გიორგი გაგოშიძის წინაშე, რომელიც თურმე ძალიან დიდი მეცნიერია — ჩატარებული აქვს თუ არა ექსპერტიზა იმ კრამიტს, რომელიც დააგეთ გელათზე. პასუხის იყო „დიახ“. ექსპერტიზის დასკვნა არ მოდიოდა. აღმოჩნდა, რომ არცერთ კრამიტს ექსპერტიზა არ ჰქონია ჩატარებული არც წყლის შეღწევადობაზე, არც სიმტკიცეზე და არც სხვა პარამეტრებზე“, — განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ამის შემდეგ კულტურის სამინისტრომ ჩაატარა ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და აღმოჩნდა, რომ სახურავზე გამოყენებული არც თეთრი ფაიფურის კრამიტი და არც წითელი თიხის კრამიტი არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, ეს უკანასკნელი დარტყმისგან მედეგი არაა და წყალს ატარებს.

თეა წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც კედლის მხატვრობის პრობლემა შეიქმნა, საჭირო იყო მუდმივი მონიტორინგი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძეგლთა დაცვის სისტემას ხარაჩოები არ აქვს. წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტრომ 950 000 ლარი გამოყო საერთაშორისო სტანდარტების ხარაჩოების შესაძენად და ახლა 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ, „ხარაჩოზე სეირნობის ჰობი კი ჩაიკეტა“.

„ასევე, აღმოჩნდა, რომ ძეგლთა დაცვის სამსახურს არ ჰქონდა ჰიდრომეტრიული მდგომარეობის გამზომავი აპარატურა. შევიძინეთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამ მონაცემების გამააანალიზებელი პროფესიები აღარ არსებობს და იუნესკოს დახმარებით, გუნდში ჩავრთეთ საყოველთაოდ აღიარებული მიკროკლიმატოლოგი მასარი და ის აკეთებს ამ მონაცემების ანალიზს. ეს და სხვა პროფესიები საქართველოში არ არის იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემია არ არის მოწოდების სიმაღლეზე. კედლის მხატვრობის სპეციალისტი სახელმწიფოს საზღვარგარეთ ჰყავს საძებარი“, — განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, საერთაშორისო ექსპერტების რჩევის შედეგად დაზიანების ადგილას სახურავი გაიხსნა.

„ძირითად ტაძარში, დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავში, კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკი უკვე რამდენიმე თვეა აღარ არსებობს. წელიწადის ბოლომდე ველოდებით იუნესკოს მისიას, რომ იკომოსმა შეაფასოს, სამუშაოები სწორად მიმდინარეობს თუ არა. ერთხელ შეაფასა ჩემი მინისტრობის პერიოდში და რაც რა უნდა ვიღაცას არ მოსწონდეს, ეს სამუშაოები შეფასებულია დადებითად“, — დასძინა წულუკიანმა.


მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია.

ახლად გადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დაასველა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო და საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაამისამართა.

შესაბამისად, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს იმის შესახებ, რამდენად კანონიერად დაიხარჯა გელათის რეაბილიტაცია – კონსერვაციისთვის გამოყოფილი ფინანსები. ამ ტიპის გამოძიება კი ვერ გასცემს პასუხს კითხვაზე – დაზიანდა თუ არა ძეგლი და პასუხისმგებელმა პირებმა გამოიჩინეს თუ არა გულგრილობა.

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი