ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, „ევრობასკეტზე“ სახელმწიფომ 800 ათასი დაზოგა

22 სექტემბერი, 2022 • 570
წულუკიანის თქმით, „ევრობასკეტზე“ სახელმწიფომ 800 ათასი დაზოგა

კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს თბილისშიც გაიმართა, 800 ათასი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო გათვლილი.

კერძოდ, მისი თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თავდაპირველი თანხა 7,8 მილიონი იყო, საბოლოოდ კი „ევრობასკეტი“ 7 მილიონი ლარი დაჯდა.

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა თქვა, რომ სპორტის ახალი სასახლის პროექტირებისა და აღჭურვის ჩათვლით 96 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. მართალია, ეს დიდი ფუფუნებაა, მაგრამ ამგვარი სპორტული კომპლექსი საქართველოში მანამდე არ არსებობდა.

„რაც შეეხება „ევრობასკეტის“ ორგანიზების ხარჯებს: ჩვენ როდესაც გამოვეყავით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაშინ კალათბურთის ფედერაციას მოთხოვნილი ჰქონდა საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 890 000 ლარამდე, მაგრამ ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი – 7 850 000 ლარამდე და რეალურად, საორგანიზაციო ხარჯები შეადგენს 7 მილიონ ლარს.

რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია“, – ამბობს წულუკიანი და ამატებს, რომ ამხელა ფუფუნება შვებაა არა მხოლოდ სამინისტროსთვის, არამედ იმ ფედერაციებისთვისაც, რომლებსაც „ევრობასკეტის“ მაღალ დონეზე ჩატარების გამო სათანადო დაფინანსება სამინისტრომ ვერ მისცა.


საქართველოში სექტემბრის დასაწყისში საერთაშორისო საკალათბურთო ჩემპიონატის – „ევრობასკეტის“ „ა“ ჯგუფის თამაშები ჩატარდა.

მატჩებს ძალიან ცოტა ადამიანი ესწრებოდა, რამაც სტუმარი გუნდების მწვრთნელების კრიტიკა გამოიწვია.

“რატომ ვართ აქ?” – ევროპის ჩემპიონატი თბილისში მაყურებლის გარეშე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი