რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2022 წლის გაზაფხულზე, სარვამარტო მიმართვაში ირწმუნებოდა, რომ უკრაინასთან საბრძოლველად არ გაიწვევდნენ რეზერვისტებს და იმ ჯარისკაცებს, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდნენ.
ის ამბობდა, რომ დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი მებრძოლები ასრულებენ:
“მინდა მივმართო დედებს, ცოლებს, დებს, საცოლეებს და შეყვარებულებს ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისა, ვინც ახლა ბრძოლაში იმყოფებიან, იცავენ რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. მესმის, როგორ ღელავთ თქვენს საყვარელ და ახლობელ ადამიანებზე. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ მათით ისევე, როგორც ამაყობს და ღელავს მთელი ქვეყანა.
ხაზს გავუსვამ, საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას ჯარისკაცები, რომლებიც სავალდებულო სამსახურს გადიან, და არ მოხდება თადარიგიდან რეზერვისტების დამატებითი გაწვევა.
დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი მებრძოლები ასრულებენ. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის ხალხის უსაფრთხოებასა და მშვიდობას”, – ამბობდა მაშინ პუტინი.
თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი პირობა გუშინ, 21 სექტემბერ,ს დაარღვია და ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.
24 თებერვლის, აგრესიის დაწყების შემდეგ, გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.
თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.
მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.
აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.