ახალი ამბები

„ეს ყველაფერი პანიკის ნიშანია“ — დასავლეთის შეფასება პუტინის გადაწყვეტილებაზე

21 სექტემბერი, 2022 • 922
„ეს ყველაფერი პანიკის ნიშანია“ — დასავლეთის შეფასება პუტინის გადაწყვეტილებაზე

საერთაშორისო საზოგადოება ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას და მიიჩნევს, რომ ეს არის რუსეთის სისუსტისა და წარუმატებლობის ნიშანი, ხოლო ატომური იარაღით მუქარა კი — შანტაჟის მცდელობა.

დღეს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთს ატომური იარაღით აშანტაჟებენ, ხოლო NATO-ს ოფიციალურ პირთა ნაწილი უკვე საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ „მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე“.

პუტინის თქმით, რუსეთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს და ეს „ბლეფი არ არის“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება მოსკოვის წარუმატებლობის აღიარებაა.

„პრეზიდენტი პუტინის მიერ საკუთარი პირობის შეუსრულებლობა, – პირობისა, არ გამოაცხადოს საკუთარ და ასევე უკრაინის არალეგალურად ანექსირებულ ნაწილებში მოსახლეობის მობილიზაცია, – აღიარებაა იმისა, რომ დაპყრობის გეგმა ჩავარდა. მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა ათიათასობით ცუდად შეიარაღებული მოქალაქე სასიკვდილოდ გაგზავნეს“, – აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, „ვერანაირი მუქარა და პროპაგანდა ვერ დამალავს ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს“.

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ პუტინის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია რუსეთის სისუსტის ნიშანია. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

„ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია სისუსტის და რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია. აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი უკრაინაში.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ევროკავშირის ლიდერებიც. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, ერთადერთი აგრესორი რუსეთია და აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა უკრაინაა. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება.

„კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა, მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის “, – აცხადებს შარლ მიშელი.

ევროკომისიის განცხადებით კი, ვლადიმერ პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს და ტერორის არსენალად ბირთვულ ელემენტს იყენებს, რაც  აჩვენებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ,  პუტინის გამოსვლა მორიგი დადასტურებაა, რომ მშვიდობა მის ინტერესში არ შედის.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადება კრემლის პანიკის ნიშანია.

„მობილიზაცია, დონეცკში რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოწოდება, ეს ყველაფერი პანიკის ნიშანია. მისი რიტორიკა ბირთვულ იარაღზე არის ის, რაც აქამდე არაერთხელ მოგვისმენია, ამიტომ საინტერესო არაა“, – განაცხადა რუტემ.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის შეფასებით, პუტინის გამოსვლა მიზნად ისახავდა საერთაშორისო საზოგადოების შეშინებას.

„რაც შეეხება ბირთვულ საფრთხეებს, მიზანი იგივეა, რაც აქამდე იყო – ეს არის შიშის გაღვივება და ფართო საზოგადოების ტერორი. კრემლი აშანტაჟებს საერთაშორისო საზოგადოებას და სურს, შეგვაშინოს და ხელი შეგვიშალოს უკრაინის დახმარებაში. ევროპა არ დაიღლება“, – განაცხადა კალასმა.

რაც შეეხება ლატვიას,  რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჰუმანიტარულ ვიზებს არ მიანიჭებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, მობილიზაციას თავი აარიდონ. ამასთან, ქვეყნის საზღვარზე არც რუსეთის იმ მოქალაქეებს შეუშვებენ, რომლებსაც უკვე აქვთ შენგენის ვიზა.

„ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ შანტაჟს და მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. რუსეთი ახლა ისეთივე საფრთხეა ევროპასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისთვის, როგორიც იყო ნაცისტური გერმანია გასულ საუკუნეში“, –  განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ პუტინის მუქარას  გაბედულად და მტკიცედ უნდა უპასუხოს.

„პუტინის ტანკები განადგურდა. მისი გემები ჩაძირულია. მისი თვითმფრინავი ჩამოგდებულია. ახლა მას მხოლოდ შეშინების ტაქტიკა დარჩა. მის მუქარას გაბედულად და მტკიცედ უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ამასთან, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია კალინინგრადის ოლქსაც შეეხება, რომელიც ლიეტუვას ესაზღვრება, ქვეყნის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილონ რუსეთიდან მომდინარე ნებისმიერი პროვოკაცია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავიეცკის განცხადებით,  იმის გამო, რომ რუსეთმა ბოლო დროს რამდენიმე სერიოზული მარცხი განიცადა, გეგმა შეცვალეს.

პოლონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციას ნატომ უნდა უპასუხოს უკრაინის მხარდაჭერით.

„რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ წინასწარი ინფორმაცია დადასტურდა. რუსეთი შეეცდება გაანადგუროს უკრაინა და დაიკავოს ტერიტორიების ნაწილი… ამ მობილიზაციას თავისუფალმა სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით ნატო-მ, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია, უკრაინის მხარდაჭერით უნდა უპასუხოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამაც. მისი თქმით,  მობილიზაციის გამოცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთადერთი აგრესორი რუსეთია.

„პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია არის რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის შემდგომი ესკალაციის მცდელობა და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ერთადერთი აგრესორია. უკრაინას დახმარება სჭირდება და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

გერმანიის ვიცე-კანცლერის რობერტ ჰაბეკის შეფასებითაც, რუსეთის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება უკრაინაში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციაა, რაზეც საპასუხო რეაქციასაც გერმანიის მთავრობა განიხილავს.

„ეს არის კიდევ ერთი ცუდი და არასწორი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, რასაც, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და პოლიტიკურ კონსულტაციებს გავივლით,  თუ როგორ ვუპასუხოთ“, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ფინეთის თავდაცვის მინისტრიც აცხადებს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

„ჩვენი თავდაცვის ძალები კარგად არიან მომზადებულნი და სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან“, – აცხადებს ფინეთის თავდაცვის მინისტრი.

ვლადიმერ პუტინის მიმართვის შემდეგ, ჩინეთის მთავრობა კონსულტაციების საჭიროებაზე საუბრობს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყველა მხარეს, ჩაერთონ დიალოგსა და კონსულტაციებში და იპოვონ გზა ყველა მხარის უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი