ახალი ამბები

მურუსიძე გოგაშვილს მუქარაში ადანაშაულებს

21 სექტემბერი, 2022 • 857
მურუსიძე გოგაშვილს მუქარაში ადანაშაულებს

მოსამართლე ლევან მურუსიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილს მუქარაში ადანაშაულებს.

მურუსიძის თქმით, გოგაშვილი მას დაუკავშირდა და განუცხადა, რომ თუ არ მოხდებოდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლა, მასზე, მიხეილ ჩინჩალაძესა და მთლიანად სასამართლოზე მადისკრედიტებელ მასალებს გაავრცელებდა:

„სოსოს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა, შესაბამისად, როდესაც დაკავებული იყო და უნდა განხილულიყო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების საკითხი, ის დამიკავშირდა და [მითხრა], თუ არ მოხდებოდა ჩემი მხრიდან მის მიმართ დახმარება და არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, ანუ არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს და სასამართლო სისტემას, მე, მიხეილ ჩინჩალაძეს დააბრალებდა რაღაცებს და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურად დისკრედიტაციას.

მოაყოლა ერთი განცხადება, რომელიც ყველამ იცით, რომ თითქოს მიხეილ ჩინჩალაძე სუს-ის დახმარებით მოსამართლე ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მესამედ მოხდა ჩემზე შეტყობინება და ფაქტობრივად იმის აღიარება, რომ ხომ ხედავ, დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია. შესაბამისად, თუ თქვენ არ დამეხმარებით, გაგრძელდება აღნიშნული დისკრედიტაცია და მიიღებს არნახულ მასშტაბებსო. ეს იყო ფაქტობრივად მუქარა, რომ წავა ეს ცილისწამებები სასამართლოს წინააღმდეგ“, – ამბობს მურუსიძე.

მურუსიძის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა სოსო გოგაშვილის მორიგი ფეისბუკპოსტი, სადაც აცხადებდა, რომ სუს-ის მოთხოვნით მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა. გოგაშვილის თქმით, ზეწოლა რუსთავი 2-ის საქმეზე ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდებოდა.

მურუსიძის განცხადება შეაფასა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა. მისი თქმით, კითხვა ჩნდება, თუ რატომ უნდა დაკავშირებოდა სოსო გოგაშვილი ლევან მურუსიძეს, რომელსაც თანამდებობრივად, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან, წესით, შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს:

„მოქმედი მოსამართლე ფაქტობრივად ადასტურებს, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი მას ემუქრებოდა. თუ ეს მართალია, რატომ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩარეულიყო ბესო ალავიძეზე ან სხვა მოსამართლის საქმიანობაში მაგრამ აქ საინტერესოა, რატომ დაუაკვშირდა ლევან მურუსიძეს სოსო გოგაშვილი, როდესაც ის საერთოდ არ იხილავს აღკვეთის ღონისძიებებს. ის არის ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე და, მით უმეტეს, რატომ უნდა დაკავშირებოდა მას, საინტერესოა“, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უკვე წლებია სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფზე საუბრობენ, რომელსაც „კლანად“ მოიხსენიებენ. აღნიშნული პირები ე.წ. „კლანის“ სათავეში ყველაზე გავლენიან ფიგურებს შორის სწორედ მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს ასახელებენ. თავად ეს მოსამართლეები სისტემაში კლანური მმართველობის არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ არანაირი გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი