ახალი ამბები

ბანკზე თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია – შს მინისტრის მოადგილე

20 სექტემბერი, 2022 • 1216
ბანკზე თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია – შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელმა სპეცოპერაციისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

მისი თქმით, საბოლოოდ ოპერაცია მშვიდად დასრულდა და არცერთი მძევალი არ დაშავებულა.

„ღონისძიების ფარგლებში მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ღონისძიება მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს. შეძლეს, რომ ის ხელყუმბარა, რომელიც მას ჰქონდა, არ მოეყვანა მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით. ყველა მძევალი არის ჯანმრთელად.

თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდამსხმელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, მინისტრის მოადგილე ამას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ინფორმაცია შემდგომში გავრცელდება.

თუმცა დარახველიძე ამბობს, რომ თავდამსხმელი უწყების მოქმედი თანამშროლემელი არ არის.


შეიარაღებული პირი ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს, 20 სექტემბერს შეიჭრა და 14 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი. ის 2 მლნ დოლარს ითხოვდა. თავდამსხმელი შსს-ს თანამშრომლებმა რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი 1985 წელს დაბადებული პირია.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავდასხმას, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი