ახალი ამბები

იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის კანდიდატურად საკუთარ თავს აყენებს

20 სექტემბერი, 2022 • 1166
იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის კანდიდატურად საკუთარ თავს აყენებს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის კანდიდატურად საკუთარ თავს აყენებს.  ამის შესახებ მან დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ვინაიდან „გირჩმა“ ვერავინ ნახა ისეთი კანდიდატი, ვისაც შეიძლება სახალხო დამცველის პოსტზე მხარი დაუჭიროს, ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი თავი წარადგინოს.

ხვიჩიამ საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ სხვებსაც მოუწოდა.

„ჩვენ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთი რამისთვის გვჭირდება და ეს არის სასამართლო სისტემის კონტროლი, სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემა. არცერთი სხვა თემა იმ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს.

ჩვენ დიდი ხანი ვიფიქრეთ, ვინ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რომელსაც მხარს დავუჭერდით და ჩვენი პოზიციით ვიმოძრავებდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც აქვს სახალხო დამცველს, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფიქსირდება და სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან ქვეყანაში რეალურად რამე გააკონტროლოს, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ, ვერავის ვერ ვენდობით. არავინ არ გვყავს ასეთი კანდიდატი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ამიტომ მე „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და გთხოვთ მხარდაჭერას ყველა პარტიიდან. მგონია, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა ვირჩევდეთ სახალხო დამცველს და ამ დარბაზში[პარლამენტში] ჩვენ შორის უნდა ირჩეოდეს და ნებისმიერი სხვა პროცესი, რომელიც ინიცირებულია არასამთავრობოების მიერ, არასწორია. ჩვენ არ ვართ ასეთი სისტემის ქვეყანა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში მხოლოდ სასამრთლო და საპატიმრო დაწესებულებებზე იქნება ორიენტირებული.

„ჩათვალეთ, რომ თუ ამირჩევთ, მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები არიან, ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან, ეთნიკური უმცირესობები არიან თუ და ა.შ. ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა, იმიტომ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ჩვენ როგორც ადამიანებს, ისე ვუყურებთ“,- განმარტა ხვიჩიამ.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ევროკავშირის მოთხოვნაა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

თუმცა, მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სწორედ ნინო ლომჯარიას მაგალითზე ამბობდა, რომ ოპოზიციისთვის „არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლებოდა“.

შესაბამისად, „ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ დგას.

რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

მასალების გადაბეჭდვის წესი