ახალი ამბები

[რუსეთის მიერ] დაკავებული ტერიტორია უკრაინას დაუბრუნდება – ერდოღანი

20 სექტემბერი, 2022 • 3592
[რუსეთის მიერ] დაკავებული ტერიტორია უკრაინას დაუბრუნდება – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება უნდა ითვალისწინებდეს უკრაინისთვის თავისი ტერიტორიების დაბრუნებას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა 20 სექტემბერს ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ PBS-ს. გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილის თარგმანს.

-„ბატონო პრეზიდენტო, – უკრაინის ომში ყოველდღე იღუპება ხალხი. თქვენ მხარდაჭერა გამოხატეთ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიმართ. რას ფიქრობთ, რომელი იმარჯვებს?

-„რომელი იმარჯვებს“? მე, როგორც ლიდერი, არ ვაპირებ, ეს საკითხი განვიხილო. ჩვენი სურვილია, ეს ომი მშვიდობიანად დასრულდეს,  იქნებოდა ეს ბატონი პუტინი თუ ბატონი ზელენსკი, ყოველთვის ამას ვურჩევდი და ვთხოვდი. ამ კონფლიქტს მოაქვს მსხვერპლი, ადამიანები იღუპებიან და საბოლოოდ ვერავინ იქნება გამარჯვებული. ჩვენ ეს არ გვსურს.

-თუმცა თქვენ განაცხადეთ, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს – როგორ ხედავთ, როგორ მორჩება და რამდენად მალე?

-აქ რუსეთის დამოკიდებულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. უზბეკეთში შევხვდი პრეზიდენტ პუტინს და ფართო დისკუსია გვქონდა. მან დამანახა, რომ ნამდვილად ცდილობს, ეს ყველაფერი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რადგან როგორც მოვლენები ვითარდება, საკმაოდ პრობლემურია.

მხარეთა შეთანხმბით, 200 ტყვე გაიცვლება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

-უნდა ჰქონდეს რუსეთს უფლება, დაიტოვოს იმ ტერიტორიის ნაწილი, რაც დაიკავა თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ? შეიძლება, ამ კონფლიქტიდან გამოსავალი ეს იყოს?

-არა და ცალსახად არა. როცა საერთო შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ამას ვგულისხმობთ – თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არსებობს ამის მოლოდინი. არსებობს ამის სურვილი. ბატონმა პუტინმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ტერიტორია, რაც დაკავებული იყო, დაუბრუნდება უკრაინას.

-უნდა ჰქონდეს უფლება რუსეთს, ყირიმი დაიტოვოს?

2014 წლიდან ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარს, პუტინს ამ საკითხზე და გამუდმებით ვთხოვდით, რომ დაებრუნებინა ყირიმი კანონიერი მფლობელებისათვის. „ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, ჩვენი [წინაპრების] შთამომავლები არიან. თუ ამ ნაბიჯს გადადგამ, თუ გაიწევი, თავს დაანებენ ყირიმელ თათრებსაც და უკრაინასაც“. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით. თუმცა, მას შემდეგ, სამწუხაროდ, არანაირი ნაჯიბი წინ არ გადადგმულა.

-პრეზიდენტი პუტინი აღიარებს, რომ არასწორად გათვალა ყველაფერი? რომ ძალიან ცუდად შეაფასა უკრაინელი ხალხის სურვილი, დაიცვან სამშობლო?

-არცერთი ლიდერი შემდგომში არ იტყვის, რომ ეს შეცდომა იყო, არავინ იტყვის, „დიახ, შეცდომა დავუშვი“. იგივე ითქმის უკრაინაზეც, ბატონი ზელენსკი, როდესაც წინ მიიწევდა, ფიქრობს თუ არა, რომ შეცდომა დაუშვა? ლიდერებს, როდესაც რაიმე გზას აირჩევენ, ძალიან უჭირთ უკან დახევა…

-ეს შეჭრა გამართლებული იყო?

-არცერთი შეჭრა არ არის გამართლებული. ვერ იქნება გამართლებული…

-ბატონო პრეზიდენტო, როგორც მოგეხსენებათ, ვრცელდება არაერთი ცნობა რუსი სამხედროების მიერ მოქალაქეებისა და სამხედროების სასტიკი მკვლელობების შესახებ, მოქალაქეთა წამების შესახებ. აღმოჩენილია მასობრივი სამარხები იქ, საიდანაც რუსი ჯარისკაცები გავიდნენ. ვის უნდა დაეკისროს ამაზე პასუხისმგებლობა? უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს?

-ამ საკითხს იდეალური პასუხი გაეცემა გაეროს მოქმედებების შედეგად. ამ თემას ნათელი უნდა მოეფინოს გაეროს დახმარებით. თუ ასე არ მოხდება, მე, როგორც ქვეყნის ლიდერს, ძალიან გამიჭირდება ამ საკითხების ახსნა, განცხადებით გამოსვლა. სხვაგვარად ეს მიგვიყვანს ისეთი ქვეყნის პოზიციამდე, რომელიც დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას არ მისდევს.

ჩვენ არ შეიძლება მხარე დავიკავოთ. ჩვენ არ შეიძლება, რომელიმე მხარე დავიჭიროთ. ჩვენგან ეს მართებული არ იქნებოდა.

-თუკი გაეროს გამოძიება აჩვენებს, რომ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს ეს დანაშაულები – და როგორც იცით, დაიბომბა საავადმყოფოები, სკოლები, სამოქალაქო ობიექტები მთელ უკრანაში – უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს?

-თუ გამოძიება ამ დასკვნამდე მივა, პუტინი თავის რეაქციას გამოხატავს. არაა სწორი, ვუყუროთ პუტინს, როგორც სრულიად განსხვავებულ პიროვნებას, იმის გამო, რომ ის პრიორიტეტს ანიჭებს თავისი ქვეყნის ინტერესებს და იბრძვის თავისი ინტერესებისთვის, თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის.

ახლა, ამ ორ ქვეყანას შორის ბრძოლაში, ჩვენ ყოვლისმომცველი საუბრები გვაქვს პუტინთან. ამავე დროს, ჩვენ ყოვლისმომცველი საუბრები გვაქვს ზელენსკისთან და, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი საუბრები გუტერეშთან. და გუტერეში ელაპარაკება ყველა მხარეს.

თუ ჩვენ ვაპირებთ, ვიპოვოთ გამოსავალი, ჩვენ ამ გამოსავალს ვერ მივაღწევთ რომელიმე მხარეს დადგომით. ჩვენ არ ვაპირებთ ერთი ლიდერის დაცვას. ამის სანაცვლოდ ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რომელიც ამ ვითარებაში ჩართულ ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.

-მესმის, რასაც ამბობთ. ამავე დროს, თქვენ ამბობთ, რომ პუტინი აკეთებს იმას, რაც რუსი ხალხის ინტერესშია, მაგრამ გულისხმობს ეს ასობით, ათასობით და კიდევ მეტი და მეტი უკრაინელი მოქალაქის მკვლელობას?

-ამას უნდა შევხედოთ ისე, როგორც არის. მხოლოდ უკრაინელები არ იხოცებიან, უდიდესი დანაკარგია რუსეთის მხრიდანაც.

-მაგრამ ისინი შეიჭრნენ.

-ეს სხვა ამბავია. დიახ, ასე მოხდა. მაგრამ კონფლიქტამდე ბევრი რამ მოხდა და კონფლიქტთან ერთად შემაძრწუნებლად განვითარდა სიტუაცია. და ახლა ჩვენ ვხედავთ დანაკარგების შემცირებას. გაერომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იპოვოს გამოსავალი.

ამიტომაც ვდგამთ ნაბიჯებს წინ, რომ ტყვეების კრიზისი გადავწყვიტოთ. ამავე დროს, ჩვენ ვდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა პორტები დატოვოს. გარკვეულ ეტაპს მიავღწიეთ. ასე რომ, არაა სწორი ერთი ადამიანისთვის ხელის კვრა და მეორის დაცვა. ასე ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი