ახალი ამბები

ღარიბაშვილმა ათონის მთის მონასტრის წინამძღვარს უმასპინძლა

16 სექტემბერი, 2022 • 1068
ღარიბაშვილმა ათონის მთის მონასტრის წინამძღვარს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, რომელთა შორის ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები არიან.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ, დიდი პატივია, თქვენთან შეხვედრა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას პირველად ათონის მთაზე. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, მაშინ მე არ ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა საუბარი. ყველა რჩევა, რომელიც მომცა გერონდამ, და რაც მითხრა, გამართლდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ათონის მთაზე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იმყოფებოდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათონის მთაზე „ერთგვარი დეტოქსის განსაცდელად“ იყო.

„ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს რაღაც სიმყარე, შენი წესები, მორალი – ძალიან რთულია გაუძლო. როცა მე გადავდექი [პრემიერ-მინისტრობიდან], შეგნებულად წავედი ათონის მთაზე ერთი კვირით, შობას იქ შევხვდი. მარტო წავედი, რომ ერთგვარი დეტოქსი განმეცადა. იქ გაქვს შესაძლებლობა, რომ განმარტოვდე და შენ თავთან ჩაიკეტო“, – აცხადებდა ღარიბაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, არქიმანდრიტმა ეფრემმა ღარიბაშვილი ათონის მთაზე ისევ მიიწვია.

„მახარებს, რომ კიდევ ერთხელ გხვდებით, მეორედ, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. სამშობლო გიყვართ, პატრიოტი, კარგი მეოჯახე ბრძანდებით, მრავალშვილიანი, ეკლესიის მეგობარი ბრძანდებით. უწმინდესი პატრიარქი და მიტროპოლიტი შიო ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას თქვენი პიროვნებისადმი. ბევრი ქართველი ჩამოდის ჩვენთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს საქართველოსა და ათონის მთას შორის მაკავშირებელი არის ვატოპედის მონასტერი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან მიყვარს ქართველები, ქართველებს მადლი გაქვთ, ღვთის მადლი, ნათლობის მადლი გაქვთ სახეზე. როგორც მოგახსენეთ პირად საუბარშიც, ბატონო პრემიერო. ძალიან მოგვწონს, რომ ქვეყანასაც ძალიან გონივრულად მართავთ.

უწმინდესის ლოცვები, პირველ რიგში, და მისი სიყვარულიც ძალიან გეხმარებათ და ყველას გვინდა, რომ ასე გააგრძელოთ, რომ ქვეყანაში წონასწორობა გეკავოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის წმინდა გიორგის ქვეყანა, არ დაგავიწყდეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია თქვენი ქვეყანა, და აკეთებთ კიდევაც, და გმადლობთ ამისთვის. იმედია, რომ მომავალშიც ასე დაიცავთ თქვენს ტრადიციებს. გეპატიჟებით კიდევ ათონის მთაზე. კარგი იქნება, რომ ჩამოხვიდეთ უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა ეფრემმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი