ახალი ამბები

სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება -NDI

16 სექტემბერი, 2022 • 744
სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება -NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევის მიხედვით, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა.

კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა 36-მა პროცენტმა სამუშაო ადგილები დაასახელა, 35-მა პროცენტმა ფასების ზრდა/ინფლაცია, 32 პროცენტი კი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სიღრიბეს ასახელებს.

კვლევის ავტორების განცხადებით, სხვა ჯგუფებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სიღარიბე კიდევ უფრო მწვავე საკითხია.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა არ სახელდება მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება.

ამასთან, უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, სიტუაცია გაუარესებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით.

ამავე კვლევის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი