„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩის განცხადებები მმართველი პარტიიდან წასულ ოთხ დეპუტატზე „უხერხული ბრალდებებია“.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო კვირებში ვაშინგტონში კითხვებს სვამენ იმ პირების მოტივების შესახებ, „რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას“.
ალუდა ღუდუშაურის აზრით, ელჩის განცხადებები „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების შეფასებისას დაუსაბუთებელია.
„გასაოცარი არის ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე ოთხეულის განცხადებები და პოზიცია ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და, ამავდროულად, ძალიან უხერხული ბრალდებები. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რამეთუ კარგად ხედავთ, რომ მთელი რიგი საკითხები, რომელსაც ეს დეპუტატები სვამენ და აყენებენ, მინდა გითხრათ, რომ არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის კითხვა და პოზიცია“, — განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ 28 ივნისს განაცხადეს. თქვეს, რომ საზოგადოებას „მეტი ინფორმაცია“ უნდა მიაწოდონ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხეზე და ამის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყეს კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს. მოგვიანებით სამეულს შეუერთდა დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მთავარ ფოტოზე: ალუდა ღუდუშაური ნიუ-იორკში, 2022 წლის ზაფხულის შვებულების დროს.