ახალი ამბები

დეგნანი: ვაშინგტონში დაბნეულობაა, რატომ უფრო მკვეთრად არ ემიჯნება მთავრობა ცრუ ბრალდებებს

15 სექტემბერი, 2022 • 843
დეგნანი: ვაშინგტონში დაბნეულობაა, რატომ უფრო მკვეთრად არ ემიჯნება მთავრობა ცრუ ბრალდებებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო კვირებში ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან მიიღო კითხვები, თუ რატომ უფრო მკვეთრად და მკაფიოდ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს, რომელიც რუსულ დეზინფორმაციაზეა დაფუძნებული:

„უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ“, – აცხადებს დეგნანი (თარგმანი ტელეკომპანია „იმედი“).

ელჩის თქმით, დასაფასებელია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოზიცია გამოხატა, რაც მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია:

„თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხტა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია.

ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან”, – აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა (თარგმანი ტელეკომპანია „იმედი“).

მასალების გადაბეჭდვის წესი