ახალი ამბები

შსს-ც უსმენს, სუს-იც, პროკურატურაც – რა თქმა უნდა, კანონიერად – გომელაური

15 სექტემბერი, 2022 • 914
შსს-ც უსმენს, სუს-იც, პროკურატურაც – რა თქმა უნდა, კანონიერად – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უარყოფს სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას ტოტალური უკანონო მოსმენების შესახებ.

მინისტრის თქმით, გოგაშვილი ცრუობს მაშინაც, როცა ამბობს, რომ მოსმენებზე ინფორმაციას ივანიშვილს უგზავნიდა.

რა ხდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოსო გოგაშვილმა 15 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ „უკანონო ფარული მოსმენების სისტემაში“ 2000 ოპერატიული მუშაკია ჩართული.

გოგაშვილის მტკიცებით, სუსი „VIP პერსონების“ კრებსებს პირადად ბიძინა ივანიშვილს უგზავნის.

მის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი „მოსმენებისათვის იყენებს არა მარტო სუსს, არამედ შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას“.

„საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა“, – ამბობს გოგაშვილი.

გოგაშვილის განცხადებითვე, სუს-ში მუშაობისას ერთ-ერთი თანამშრომელი ამ კრებსებს მას უგზავნიდა, რომელსაც ამუშავებინებდა სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს „ატანდა ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ-მინისტრთან. რა თქმა უნდა, გომელაური იღებდა სრულ პატაკს“.

„ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუსსა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა“, – წერს გოგაშვილი.

გომელაურის პასუხი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უარყო გოგაშვილის მონათხრობი და მას ტყუილი უწოდა.

„ეს სრული სიცრუეა, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა ვერანაირად ვერ დაავალებდა [რაიმეს გოგაშვილს], რადგანაც ის მას არ იცნობდა“, – უთხრა გომელაურმა ჟურნალისტებს.

„თემა, რომ გოგაშვილს ავალებდა ბატონი ბიძინა, არის რაღაც აბსურდი, რადგან ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა… ჯერ ერთი, როგორ უნდა დაევალებინა? და მეორე – მე არაფერს მავალებდა, ან საერთოდ როგორ დამავალებდა“? – ამბობს მინისტრი.

„არ ვიცი, კობახიძის კი არა, მართლა გეუბნებით, უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ. არ ხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა და შემდეგ თქვა:

„შსს-ც უსმენს, რა თქმა უნდა, კანონიერად. უფლება აქვს კანონით მინიჭებული თავდაცვის სამინისტროსაც, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, სასჯელაღსრულების სამსახურს – მათ აქვთ უფლება, აიღებენ განჩინებას და მოუსმენენ“.

გომელაურმა ასევე მოკლედ აღწერა, მისი ვერსიით, როგორ მუშაობენ უწყებები ოპერატიულ ცნობებზე:

„კანონით რაც არის, – არამარტო კრებსებია, კანონით რაც არის, არის აუდიომოსმენაც, არის ოპერატიული მასალა უამრავი, რომელიც მოაქვს აგენტს… სუს-ის უფროსი რომ დაჯდეს და ეს იკითხოს, ერთი კაცი ამას ვერ აუვა, ზღვა ინფორმაციაა… ახლა მე რომ ვიჯდე შსს-ში და რაც ოპერატიული მასალა შემოდის, ეს რომ ვიკითხო, მინიმუმ სამი გომელაური უნდა იყოს იქ, რომ ეს მასალა წაიკითხოს“.

„თუ თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მუშავდება, შემდეგ ამოდის ხელმძღვანელთან – ამოდის უფროსთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ამოაქვს მას ან მისი კურატორ-მოადგილეს და მიხსნიან, რომ ეს არის პრობლემა, ტერორიზმის კუთხით ესა და ესა, ესა და ეს. თუ ვთვლი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ან რაიმე დადასტურდა, რა თქმა უნდა, პრემიერს მოვახსენებ – მე, რა თქმა უნდა  პრემიერს მოვახსენებ. კი არ ვუგზავნი ფურცლებს, „აბა, წაიკითხეთ, ბატონო პრემიერო“, მე თვითონ ავდივარ და მოვახსენებ… ასე ხდება“, – განაცხადა მან.

მინისტრმა ჟურნალისტებზე კითხვაზე პასუხად ასევე თქვა, რომ ბექა მამარდაშვილი, – სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც გოგაშვილმა ახსენა მოსმენების კონტექსტში, – უწყების თანამშრომელი წარსულში მართლაც იყო, თუმცა მას მოსმენებთან კავშირი არ ჰქონდა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი