ახალი ამბები

მიქანაძე: დამკვირვებლებისა და კომისიის წევრებისთვის გარკვეული შეზღუდვები დადგინდება

15 სექტემბერი, 2022 • 667
მიქანაძე: დამკვირვებლებისა და კომისიის წევრებისთვის გარკვეული შეზღუდვები დადგინდება

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ 2024 წლიდან საქართველოში ელექტრონული საარჩევნო სისტემა დაინერგება და საარჩევნო კოდექსში ამ საკითხის დასარეგულირებლად 81-ე თავი გაჩნდება:

„ეს არის თვისებრივად ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურას შესაბამისი აპარატურის გამოყენებით, ამ აპარატურის მიერ შესაბამისი ხმის ბიულეტენების დათვლასა და შემაჯამებელი ოქმის წარმოდგენას. ელექტრონული საარჩევნო სისტემა შეეხება ამომრჩევლების მინიმუმ 70%-ს. ამასთანავე, იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ელექტრონული მთვლელი და მარეგისტრირებელი აპარატურა არ იქნება განთავსებული, ხმის დათვლა იწარმოებს ჩვეულებრივი წესით, თუმცა თითოეული ბიულეტენი, იქნება ეს სწორად მიცემული ხმა თუ ბათილი ბიულეტენი, დაექვემდებარება გაციფრულებას.

შესაბამისად, ეს ციფრული ვერსიები უბნების მიხედვით აიტვირთება ცესკოს შესაბამის ვებპორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული ცვლილებები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ფაქტობრივად, 2024 წლიდან საარჩევნო სისტემა მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადადის“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მიქანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით GRECO-ს რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც, დღეს არსებული 2 ათასლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და 4 ათას ლარს შეადგენს:

„ამასთანავე, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებასთან მიმართებაში დღეს არსებული ორთვიანი ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება სამ წლამდე, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ თუ ახლად გამოვლენილი გარემოებები გამოჩნდება სამი წლის განმავლობაში კონკრეტული დარღვევის განხორციელებიდან, შესაბამისად მოხდეს ცესკოს მხრიდან რეაგირება და აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდეს კონკრეტული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება, თუკი ამის შესაბამისი მტკიცებულებები იარსებებს“, – აღნიშნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

გივი მიქანაძის განცხადებით, მოქმედი კანონით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების ზედა ზღვარი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ია, რაც ცვლილებების განხორციელების შემდეგ განახევრდება.

მისი თქმით, ცვლილებების პაკეტი მოიცავს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების მიმართ.

კერძოდ, მიქანაძე აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიხედვით, მათი არჩევა ვერ განხორციელდება, თუ ისინი ბოლო ორი საერთო ან შუალედური არჩევნებისას რომელიმე საარჩევნო კომისიაში იყვნენ წარმოდგენილი რომელიმე პარტიის მიერ, ან იყვნენ რომელიმე კონკრეტული სუბიექტის წარმომადგენლები, ან საარჩევნო წლის დაწყებიდან არჩევნების დღემდე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ განხორციელებული აქვთ შესაბამისი შემოწირულობა, რაც საჯაროდ წყაროებით მტკიცდება.

გივი მიქანაძის განცხადებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აისახოს საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელთაც პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები დაექვემდებარონ სერტიფიცირებას და შეიქმნას შესაბამისი ბაზა, სადაც ყველა ეს სერტიფიცირებული კომისიის წევრი იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესების საკითხზე დღეს არსებული 30- დღიანი ვადა შემცირდება 15 დღემდე.

მიქანაძის თქმით, იმ უბნებში, სადაც ელექტრონული მთვლელი აპარატურა არ იქნება წარმოდგენილი და შემთხვევით შერჩეული უბნების გადათვლა არსებული კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდება, უბნების გადასათვლელად დამატებითი კრიტერიუმები შემოვა.

„თუ უბანში დათვლის შედეგად აღმოჩნდება ხუთით მეტი ბიულეტენი, ან ათით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთან შედარებით, ეს იქნება დამატებითი კრიტერიუმი, რომ ამ უბნის გადათვლა მოხდეს. თუმცა ეს უბანი არ წავა იმ უბნების საერთო სათვალავში, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ისედაც უნდა შეირჩეს და რომლის გადათვლაც უნდა მოხდეს“, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ამასთან, გივი მიქანაძის განცხადებით, მარკირებას დაექვემდებარებიან ის ამომრჩევლები, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

მისივე განმარტებით, გაფართოვდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მანდატი. კერძოდ, მიქანაძე ამბობს, რომ კანონმდებლობით, არასაარჩევნო პერიოდში მათთვის გათვალისწინებული იქნება შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ და დაესწრონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს და მონიტორინგი გაუწიონ მის საქმიანობას.

გარდა ამისა, მიქანაძის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე დადგინდება გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, მიქანაძის თქმით, თუ დამკვირვებელი, რომელიც იდენტიფიცირებული და წარდგენილი იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ოფიციალურად კონკრეტული რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ და გამოვლინდება, რომ ბოლო ორი საერთო თუ შუალედური არჩევნების დროს იყო რომელიმე კონკრეტული პოლიტიკურ სუბიექტის წარმომადგენელი, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ან უფიქსირდება შემოწირულობა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ეს ადამიანი მოიხსნება რეგისტრაციიდან, როგორც დამკვირვებელი, მაგრამ ორგანიზაცია და მის მიერ წარმოდგენილი სხვა დამკვირვებლები სადამკვირვებლო ფუნქციას განახორციელებენ:

„ეს არის ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უფრო მკაცრად არის სანქცირებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა 2 დღიდან 3 დღემდე იზრდება“, – აცხადებს მიქანაძე.

გივი მიქანაძის განცხადებით, ასევე გათვალისწინებული იქნა პოლიტიკური ჯგუფების – „გირჩის“ და „მოქალაქეების“ თხოვნა, რომლის თანახმად, შემცირდება პროპორციულ სიებში წარსადგენ პირთა მინიმალური რაოდენობა. კერძოდ, პარლამენტის წევრთა კანდიდატთა სიის შემთხვევაში, ეს იქნება, სულ მცირე, 76 ადამიანი, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პროპორციული სიის შემთხვევაში – სრული რაოდენობის ნახევარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი