საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა გარემოებებზე, რომელთა გამოც მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ცვლილებები დაუსაბუთებლად, ნაჩქარევად მიიღეს, რაც ეჭვს აჩენს, რომ მიზანი ძალაუფლების გამყარება იყო.
“რა, თუ არა მოსმენები, ეხება ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას. აქ გადის გამყოფი ხაზი: ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში თუ გადავდივართ ევროპულ სისტემაში; არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არ არის დაცული.
ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და რამის საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო. მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ.
ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა. ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ. სწორედ ამის თქმა მინდოდა ვეტოთი…
შეიძლება იყოს რაღაცა მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას. მაგრამ იმ ფორმით, რომლითაც იყო მიღებული ეს ცვლილებები — არა დასაბუთებული, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით… — ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს არის ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ მოსმენები გახდეს კიდევ ერთხელ ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი”, — დასძინა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ივნისში დაადო ვეტო მოსმენების შესახებ პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სადავო კანონს, რომელიც საგამოძიებო უწყებებს ფარული მიყურადების თვალსაზრისით უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს.