ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატის თანახმად, საშუალო ხელფასი 213 ლარით გაიზარდა

15 სექტემბერი, 2022 • 2673
საქსტატის თანახმად, საშუალო ხელფასი 213 ლარით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213.3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108.8 (გაიზარდა 43.1 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით გაიზარდა 13.4 პროცენტით);
⦁ მშენებლობა – 2 177.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.5
პროცენტით);
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 026.4 ლარი (გაიზარდა 16.6
პროცენტით).

როგორ დგინდება საშუალო ხელფასი

როგორც საქსტატი განმარტავს, ხელფასების სტატისტიკა ეყრდნობა საწარმოთა კვარტალურად ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ ცნობებს [წლიურად – 18 000-მდე საწარმოსგან].

თუმცა ეს მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.

არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია].

იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, საშუალო ხელფასი — 500 ლარი გამოდის.

ვრცლად ამ თემაზე:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი