საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით გაიზარდა 20.2 პროცენტით); - ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0
პროცენტით); - მშენებლობა – 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3 პროცენტით).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540.0 ლარით, ხოლო კაცების – 2 343.2 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა. ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%). საქსტატში აღნიშნავენ, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ამასთან, 2024 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1 985.4 ლარი შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.8 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 035.1 ლარი, გაიზარდა 10.9 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.
სტატისტიკის სამსახურში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 870.0 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
სტატისტიკის სამსახურში აღნიშნავენ, რომ საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.
მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.
„ნეტგაზეთი“ წლების განმავლობაში წერდა, რომ არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია].
იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, საშუალო ხელფასი 500 ლარი გამოდის.
საქსტატმა მედიანური ხელფასის სტატისტიკა ერთხელ, 2022 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.
