ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 595 ლარია – საქსტატი

16 დეკემბერი, 2022 • 5061
საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 595 ლარია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595.0 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);
  • მშენებლობა – 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით).

საქსტატის მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 904.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 159.2 ლარი (14.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 292.7 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.


საქსტატმა არსებობის ისტორიაში პირველად ოქტომბერში გამოაქვეყნა საშუალო ხელფასის მედიანური პრინციპით დაანგარიშებული მონაცემები, რაც გულისხმობს ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვს და არა საშუალო არითმეტიკულ გაანგარიშებას. უწყების თანახმად, ამგვარი მეთოდოლოგიით ხელფასების სტატისტიკა წლიურად გამოქვეყნდება და არა ყოველი თვის ან კვარტლის განმავლობაში. მედიანური მონაცემების თანახმად, რაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებს ეფუძნება, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანურმა ხელფასმა 900 ლარი შეადგინა, როდესაც იმავე წელს საშუალო ხელფასი 1305 ლარი იყო.

საქსტატის თანახმადვე, ამ ორ მაჩვენებელს შორის დაახლოებით მსგავსი სხვაობა იყო დაფიქსირებული გასულ წლებშიც. კერძოდ:

  • 2018 წელს საშუალო ხელფასი 1068 ლარი იყო, მედიანური — 700;
  • 2019 წელს საშუალო ხელფასი 1129 ლარი იყო, მედიანური — 792;
  • 2020 წელს საშუალო ხელფასი 1191 ლარი იყო, მედიანური — 809.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალო ხელფასი 2018 წელს 50%-ით მეტი იყო მედიანურზე, 2019 წელს — 41%-ით, 2020 წელს — 47%-ით, 2021 წელს კი — 45%-ით.

საგულისხმოა, რომ 2022 წელსაც მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ნომინალური ხელფასი მედიანურ მონაცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი