ახალი ამბები

”ცალმხრივი გადაწყვეტილება”

4 მაისი, 2010 • • 1245
”ცალმხრივი გადაწყვეტილება”

“ეროვნულმა საბჭომ” საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი მოხსნა. ამ ოლქში თინა ხიდაშელი იყრის კენჭს. კახა კუკავა ამბობს, რომ კონკურენტუნარიანმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ.

”ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება და, თუ სურვილი იქნება ყველა მხრიდან, შეიძლება თანამშრომლობის გაგრძელება”-ამბობს კუკავა.

თუმცა, პირველი, ვინც დიდუბეში კანდიდატურა მოხსნა, “ალიანსი საქართველოსთვის” იყო. აქ კენჭს “ეროვნული საბჭოდან” კობა დავითაშვილი იყრის.

არჩევნებამდე 26 დღით ადრე, ”ალიანსი საქართველოსთვის” საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა ისევ ვაკანტურია.

მაშინ, როცა თბილისის მერობის კანდიდატების უმრავლესობას საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს, ალიანსი მათ ნაწილს კანდიდატურების მოხსნას სთავაზობს.

სანაცვლოდ კი – საკრებულოს თავმჯდომარეობის ვაკანტურ ადგილს.

“ალიანსმა” ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას შესთავაზა, რომ მხარს დაუჭერდა ინგა გრიგოლიას საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე, თუ გია ჭანტურია მოხსნიდა თავის კანდიდატურას.

ალასანიას პარტიის გენერალური დირექტორი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ”ჭანტურიას არჩევნების მოგების შანსი არა აქვს”, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ “ალიანსი” ინგა გრიგოლიას დაუჭერდა მხარს, ის გაიმარჯვებდა კიდეც.

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეს შეთავაზება საინტერესო უნდა ყოფილიყო პოლიტიკური პარტიებისთვის იმ მოტივით, რომ ალიანსი მოიგებს არჩევნებს და ირაკლი ალასანიას გამარჯვების შემთხვევაში, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს აირჩევდნენ საკრებულოს თავმჯდომარედ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი