ახალი ამბები

სარკაზმი და ირონია იყო — კობახიძე პლებისციტზე საკუთარ განცხადებაზე

14 სექტემბერი, 2022 • 1698
სარკაზმი და ირონია იყო — კობახიძე პლებისციტზე საკუთარ განცხადებაზე

„რეალირად სარკაზმი იყო, ბუნებრივია, ამ განცხადებაში. მცირე ირონიაც, შეიძლება“, — თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე პლებისციტის ჩატარების შესახებ საკუთარი განცხადების განმარტებისას.

„ჩვენ ვიცით და ეს კვლევებითაც ჩანს, რომ საზოგადოება არის ომის წინააღმდეგი. ბევრი ამბობს, რომ ნებისმიერი საზოგადოება არის ომის წინააღმდეგი. ეს ასე არ იქნება. შეიძლება, კონკრეტულ ვითარებაში, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, საზოგადოება იყოს ომის მომხრე — გააჩნია, რა სჭრიდება ქვეყანას. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი სხვადასხვა მიზეზების გათვალისიწნებით, ქართულ საზოგადოებას არ უნდა ომი, თორემ ისტორიულად ქართველებს არასდროს უჭირდათ ბრძოლაში შესვლა. 2008-შიც მთელი საზოგადოება გულით ჩართული იყო ყველა პროცესში და 90-იან წლებშიც იცავდნენ სამშობლოს. ქართულ საზოგადოებას ამის არც პრობლემა არა აქვს და ყველანაირი მოტივაცია აქვს, რომ სადაც სამშობლოს სჭირდება, იქ ომშიც შევიდეს. ამიტომ ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ამბობენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საზოგადოებას რომ ჰკითხო, ომი არ უნდაო. თუ საჭიროა ომი, უნდა იომო“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

თუმცა, კობახიძის თქმით, გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები, შესაძლო შედეგების გათვალისწინებით.

„ერთი ფაქტორია, რომ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ, მათ შორის, რესურსების კუთხით. რა მოუტანს შესაძლო ომი საქართველოს? კიდევ ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რასაც, ბუნებრივია, საზოგადოებაც ითვალისწინებს… თეორიულად რომ დავუშვათ, ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში, ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ და ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას, ქართველ ხალხს არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგების და იმის გათვალისიწნებთ, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის განხილვისას ღირებულებებიც მნივნელოვანია.

„როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, — დასძინა კობახიძემ.


„ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი, ხალხს უნდა თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, იმას შეიძლება გავყვეთ, ვნახოთ“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 13 სექტემბერს, კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის განზრახვაში.

კობახიძის განცხადებამ დაბნეულობა გამოიწვია საქართველოს ფარგლებს გარეთ. რუსულ და უკრაინულ მედიაში, Twitter-ზე და ტელეგრამ არხებში კობახიძის განცხადება გაშუქდა ისე, რომ საქართველომ რუსეთთან ომის შესახებ პლებისციტის ჩატარებას განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი