ახალი ამბები

“სრულად შეესაბამება EU-ს საუკეთესო პრაქტიკას” – პაპუაშვილი მაუწყებლობის კანონზე

14 სექტემბერი, 2022 •
“სრულად შეესაბამება EU-ს საუკეთესო პრაქტიკას” – პაპუაშვილი მაუწყებლობის კანონზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ  მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნაა. ამის შესახებ მან დღეს, 14 სექტემბერს განაცხადა.

საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე, რომელიც „მედიაომბუდსმენის“ შეფასებით,  მედიის უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს.

პაპუაშვილის თქმით კი, აღნიშნული ცვლილებების მიღება ევროკავშირის დირექტივაა და მათი იმპლემენტაციის შესახებ რამდენიმე კვირის წინ წერილი ევროკომისიისგანაც მიიღეს.

„თუკი ამ ნაბიჯების გადადგმა ოქტომბრამდე არ მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე არ გვქონდა[მიღებული კანონი], ისედაც შეზღუდული გვქონდა წვდომა და თუ ახლა საბოლოოდ არ მივიღებთ ამ დირექტივას, საერთოდ გავირიცხებით შემოქმედებითი ევროპის გაერთიანებიდან და საერთოდ არ გვექნება მოთხოვნა“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვლის მტკიცებით, „ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას.

„ეს პროექტი 2018 წლიდან არის პარლამენტში და შემუშავებულია ევროკავშირის მიერ და მათი დახმარებით. ახლა რაც მოხდა, არის ის, რომ 2018 წელს დირექტივაში შევიდა ცვლილებები და ამ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდა ამ პროექტის და ინიცირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია, რეგულირების სფეროში ექცევა.

„მედიაომბუდსმენი“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააუარესებს მედიის უფლებრივ მდგომარეობას.

„მედიაომბუდსმენის“ თანახმადვე, რჩება შთაბეჭდილება, რომ შემოთავაზებული პაკეტი წარმოადგენს 2018 წლის 28 დეკემბერს  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „გაუარესებულ ვერსიას, რომელიც  მკაცრად იყო გაკრიტიკებული მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ“.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი