ახალი ამბები

„ღამის კურიერს“ ნინო შუბლაძე წაიყვანს

13 სექტემბერი, 2022 • 1842
„ღამის კურიერს“ ნინო შუბლაძე წაიყვანს

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემა „ღამის კურიერს“ ნინო შუბლაძე წაიყვანს.

გადაცემა ეთერში ოთხშაბათობით, 22:00 საათზე გავა.

შუბლაძე წლების განმავლობაში ამავე ტელეარხის წამყვანი და საინფორმაციო სამსახურის უფროსიც კი იყო. 2014 წელს ასევე იყო „რუსთავი 2-ის“ იმდროინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოადგილე.

2014 წლის მაისში ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის კაბინეტებში აღმოაჩინეს ფარული სათვალთვალო კამერები. გვარამიამ მაშინ უკანონო თვალთვალში ხელისუფლება დაადანაშაულა. კამერების აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა ნინო შუბლაძემ. როგორც მაშინ აღნიშნა, გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობის გამო, პირადი მიზეზით მიიღო.

ნინო შუბლაძემ „რუსთავი 2-ის“ დატოვებიდან მოკლე ხანში მუშაობა დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურში განაგრძო საქმიანობა.

ნინო შუბლაძე „რუსთავი 2-ში“ 2019 წელს, მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ტელეარხი მის ძველ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს გადაეცა და, შესაბამისად, არხი დატოვეს იმდროინდელმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და მისმა გუნდმა, მათ შორის, წამყვანმა ტელესახეებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი