ახალი ამბები

უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიებზე პირველი დოკუმენტი გამოაქვეყნა

13 სექტემბერი, 2022 • 1531
უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიებზე პირველი დოკუმენტი გამოაქვეყნა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პირველ დოკუმენტს ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, „კიევის უსაფრთხოების შეთანხმების“ რეკომენდაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი იერმაკმა და NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა წარადგინეს:

„ამ რეკომენდაციების მიღება ვლადიმერ პუტინთან ძლიერ სიგნალს გაგზავნის. ეს მოახდენს დემონსტრირებას, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ განელებულა. ასევე, ეს იქნება უკრაინელი ხალხისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ გავაგრძელებთ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“, — განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინას სჭირდება რესურსები, რომ შეინარჩუნოს ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელიც შეძლებს რუსეთის გასამხედროებული ფორმირებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ამასთან, საუბარია გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ინვესტირებაზე, იარაღის ტრანსფერსა და სადაზვერვო ინფორმაციის მხრივ თანამშრომლობაზე მოკავშირეებთან, ასევე, გაძლიერებულ წვრთნებსა და მისიებზე NATO-სა და ევროკავშირთან ერთად.

„უკრაინსკაია პრავდა“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გარანტიები უკრაინასთან ერთად გარანტორმა ქვეყნებმა უნდა იტვირთონ, რომელიც შესაძლოა შედგებოდეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, პოლონეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრალიის, თურქეთის და ჩრდილოეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან.

რაც შეეხება გარანტიების პაკეტს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეიძლება შედგებოდეს როგორც პრევენციული, ასევე დაუყოვნებლივი ზომებისგან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ახალი გამოწვევების წარმოშობის შემთხვევაში.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, შეთანხმება მოიცავს სანქციების პაკეტსაც აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ და შესაძლოა შეიცავდეს დამატებით კომპონენტებს, მათ შორის, თანამედროვე ანტისარაკეტო და საჰაერო სისტემების დამზადებას და რეგიონულ შეთანხმებებს შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გარანტიები არ ანაცვლებს უკრაინის მისწრაფებას, გაწევრიანდეს NATO-ში.

დოკუმენტის წარდგენის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მუშა და ეფექტური მექანიზმი უნდა იყოს, ანდრეს ფოგ რასმუსენს კი სთხოვა, ქვეყნების ლიდერებთან დიალოგში ჩაერთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი