ახალი ამბები

მდინარაძის შემდეგ NGO-ების დაფინანსებაზე კობახიძეც საუბრობს

13 სექტემბერი, 2022 • 822
მდინარაძის შემდეგ NGO-ების დაფინანსებაზე კობახიძეც საუბრობს

დღეს, 13 სექტემბერს, არასამთვარობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა.

კობახიძის მტკიცებით, „მდიდარი“ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მათ შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

კობახიძმდე, გუშინ, 12 სექტემბერს, აღნიშნულ თემაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც, რომელმაც  თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეც მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანას რისკების მიმართ მოწყვლადს ხდის.

„რამდენიმე ყველაზე მდიდარი NGO, რომელიც სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება. როდესაც ისინი პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდიან და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას, მით უმეტეს, მათ აქვთ მორალური ვალდებულება, რომ საზოგადოების წინაშე აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი.

თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს, რაც რისკებს ქმნის.  ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა არის პატარა სახელმწიფო და მოწყვლადია სხვადასხვა ტიპის რისკის მიმართ.

ასეთ დროს გამჭვირვალობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იგივე ეხებათ ამ NGO-ებსაც. განსაკუთრებით, ყველაზე მდიდარ NGO-ებს, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული და პირდაპირ გამოხატავენ საკუთარ პოლიტიკურ პრეფერენციებს. რატომ არის მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე, ესეც თავისთავად კითხვებს აჩენს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა მმართველი პარტია  დაფინანსების წყაროების რეგულირების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს, კობახიძე პასუხობს, რომ დღეს ასეთი საკითხი არ განიხილება.

„პერსპექტივაში თუ რამეს განვიხილავთ, პირველი ჩვენ ვეტყვით ამას საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი