ახალი ამბები

მთავრობის ვალი მშპ-ს 40%-მდე მცირდება – ხუციშვილი

12 სექტემბერი, 2022 • 900
მთავრობის ვალი მშპ-ს 40%-მდე მცირდება – ხუციშვილი

ეკონომიკის მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ვალი 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-მდე მცირდება. ამის შესახებ ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, 2020 წელს ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი 9.3%-მდე გაუარესდა, მთავრობის ვალი კი 60%-ს აღემატებოდა, თუმცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. კერძოდ, საბიუჯეტო დეფიციტი 4.4%-მდე შემცირდა, მთავრობის ვალი კი მთლიანი შიდა პროდუქტის 51%-მდე ჩამოვიდა.

ხუციშვილის თქმით, ეს მაჩვენებლები 2022 წლისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მიმდინარე წელს საქართველო ბიუჯეტში გაწერილ თანხაზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს აიღებს. ამასთან, მინისტრის განცხადებით, წელს იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც, ჯამში კი, 16.824 მილიარდით განისაზღვრება:

“მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, მაკროეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. კერძოდ, ქვეყანა გასულ წელს ბიუჯეტში დაგეგმილზე დაახლოეით 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს აიღებს და ამ თანხებს დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილი საგადასახადო შემოსავლებით – 1.266 მილიარდი ლარი.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობის ვალი უკვე ჩამოდის მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-მდე, რაც იმაზე უკეთესი მაჩვენებელია, რაც ქვეყანას ჰქონდა პანდემიამდელ პერიოდშიც კი. რაც შეეხება საბიუჯეტო დეფიციტს, 4.4%-დან მცირდება 3.2%-მდე”, – განაცხადა ხუციშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი