შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა საქართველოს 3000-ზე მეტ მოქალაქეს – ამის მიზეზი საბუთების მოუწესრიგებლობა გახდა.
დღეს ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში, ნიკოლ დე მურმა მინისტრის მოადგილე დარახველიძესთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
ამავე ბრიფინგზე საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნა არ არის ახალი პრობლემა“, რის პასუხადაც ქვეყანას გადადგმული აქვს ნაბიჯები:
„აქტიურად მოქმედებს საზღვრებსა და აეროპორტებში გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს ევროპაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის საქართველოს საზღვარზე შემოწმებას“.
მისი თქმით, „დღეის მდგომარეობით, საქართველოს უკვე 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა ევროპის ქვეყნებში შესვლა იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში“.
მისი თქმითვე, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს მგზავრობისას დადგენილ წესებს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს მოგზაურობის ვადების დარღვევას და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებს.
ნახეთ ასევე:
