საზოგადოება

ბელგია: საქართველოდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რიცხვი იზრდება

12 სექტემბერი, 2022 • 3418
ბელგია: საქართველოდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რიცხვი იზრდება

ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში, ნიკოლ დე მური აცხადებს, რომ საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, თუმცა თავშესაფარი მაძიებელთა უმრავლესობას არ ენიჭება.

„ბელგიაში საქართველოდან თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადების რიცხვი გაიზარდა. ჩვენ განაცხადების რიცხვის ზრდას ვხედავთ არაერთი ქვეყნიდან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველო შედის იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც ყველაზე მეტი განაცხადი გვაქვს“, – განაცხადა მდივანმა დე მურმა.

მისი თქმით, ეს სურათი „არ შეესაბამება ქვეყნის პროფილს“, ვინაიდან საქართველო, „სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბელგიის მიერ მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა“.

„ეს ნიშნავს, რომ თავშესაფრით დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაბალია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, გვაქვს აპლიკაციების მზარდი რიცხვი. წელს, ივლისამდე პერიოდში, თავშესაფრის მიღების შესახებ 630 განაცხადია დაფიქსირებული“, – განაცხადა ნიკოლ დე მურმა 12 სექტემბერს თბილისში ყოფნისას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ბელგიის მიგრაციის მდივანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საქართველოშია, განმარტების გაკეთებაა:

„მინისტრ გომელაურთან კარგი საუბარი მქონდა, ბელგია და საქართველო პარტნიორები არიან; ჩვენ მივესალებით ქართველებს, ვისაც სურთ გამოცილების მიღება, სწავლა ან მუშაობა ბელგიაში. საამისოდ ჩემი ქვეყანა აყენებს კონკრეტულ პროცედურებსა და კრიტერიუმებს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ვარ, ისაა, რომ განვმარტო ეს პროცედურა, რადგან შევნიშნეთ, რომ ვრცელდება „ფეიკ-ნიუსები“, თუ როგორ ხორციელდება მიგრაცია ბელგიაში. არსებობს ლეგალური და არალეგალური გზები. მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რათა ბელგიაში ჩასვლის შემდეგ მათ წინ არ დახვდეთ მოულოდნელი სირთულეები“, – განაცხადა მან.

მან ხაზი გაუსვა სამ გარემოებას:

  • საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნებს დაკმაყოფილების დაბალი შანსი აქვს, რადგან ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს;
  • თავშესაფარი არასოდეს მიენიჭება მაძიებელს ეკონომიკური საფუძვლებით;
  • უარყოფითი გადაწყვეტილები მალე მიიღება და მათ, ვინც კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, დაუყოვნებლივ მოუწევთ ქვეყნის დატოვება.

„ჩვენმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ეფექტური პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს მოგზაურობის აკრძალვას“, – განაცხადა მან.

„საბოლოო რჩევა, რაც მინდა გავცე, ასეთია: საქართველო სწრაფად ვითარდება; ვურჩევდი საზოგადოებას, რომ ეძიონ შესაძლებლობები ადგილზე – აქაც არის შესაძლებლობები“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი