ახალი ამბები

პარლამენტი სამხედრო მუზეუმის შექმნის ინიციატივას განიხილავს

12 სექტემბერი, 2022 •
პარლამენტი სამხედრო მუზეუმის შექმნის ინიციატივას განიხილავს

პარლამენტის დეპუტატები საქართველოში სამხედრო მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდიან. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე დღეს, 12 სექტემბერს განიხილეს და მას მხარი ერთხმად დაუჭირეს ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებმა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ეროვნული სამხედრო მუზეუმებს მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა გააჩნიათ და მისი დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს მნიშვნელოვანი როლი აქვს მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისათვის და ცნობიერების ამაღლებისათვის. ამასთანავე, მომავალში სამხედრო ტიპის მუზეუმი აკადემიური წრეებისთვისაც მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო გახდება.

კანონპროექტის ინიციატორებს განმარტებით ბარათში მაგალითად მოჰყავთ, რომ ეროვნული სამხედრო მუზეუმი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთშიც არსებობს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან, რადგან 2022-2024 წლების საშუალოვადიან საბიუჯეტო პერიოდში ვერ განხორციელდება საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფა.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სამხედრო მუზეუმის შექმნა სახელმწიფო ბიუჯეტს, სავარაუდოდ,  23 753 112 ლარი დაუჯდება და
მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი 4 საბიუჯეტო წელზე შესაძლოა გადანაწილდეს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან:ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ხელაშვილი, რესან კონცელიძე, ალექსანდრე ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი