ახალი ამბები

FSB-სთან კავშირზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, ბრალდებებზე სუსი დუმს

12 სექტემბერი, 2022 • 1419
FSB-სთან კავშირზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, ბრალდებებზე სუსი დუმს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისა და მისი დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამსახარაძის ცნობით, სუს-ის მაღალჩინოსნები კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) წარმომადგენლებთან.

პარტია „ლელო” ინიციატივით გამოდის, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. „ქართული ოცნება“ ინფორმაციას „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებს, ბრალდებების ადრესატი — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი დუმს.

რა ხდება?

საქართველოსა და რუსეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა საიდუმლო შეხვედრების შესახებ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში ისაუბრა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა ალექსანდრე სამხარაძემ. სამხარაძე იყო ერთ-ერთი, ვის სახლშიც, გოგაშვილის დაკავების პარალელურად, საგამოძიებო უწყებებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა/შენახვას გულისხმობს. სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, ალექსანდრე სამხარაძეს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ალექსანდრე სამხარაძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ 2016 წლის დეკემბერში თბილისიდან საიდუმლოდ გაემგზავრა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოთხი თანამშრომელი — თავად სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე სოსო გოგაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი იოსებ ჭელიძე და კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე, რათა მოემზადებინათ ვლადიკავკაზში, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაურის და FSB-ის შეფ ალექსანდ ბორნტიკოვის შეხვედრა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ხეთაგუროვის გამზირის #20-ში გაიმართა, მხოლოდ სოსო გოგაშვილი შევიდა.

„გავემგზავრეთ [სოსო გოგაშვილის] სამსახურებრივი ავტომობილით. საზღვართან არმისული გავაჩერე ავტომობილი და მოვხსენი ორივე სახელმწიფო ნომერი. უნომროდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადავიარეთ ჩვენი და მათი საზღვარიც. არავითარი საპასპორტო კონტროლი არ გაგვივლია.

მათი საზღვრიდან დაახლოებით 50 მეტრში დაგვხვდა შავი ფერის „ტოიოტა ქემრი“, რომელმაც გაგვაცილა საიდუმლო ბაზაზე. ნახევარ საათში მივედით ადგილზე. ჩვეულებრივი შენობა იყო, კერძო სახლის სტილში. შენობაში მე არ შევსულვარ, მაგრამ რომ ჩავედით, იქ დაგვხვდა FSB-ს გენერალი სედოვი და შეხვდა მხოლოდ სოსო გოგაშვილს. დაახლოებით 40 წუთამდე გაგრძელდა მათი შეხვედრა“, — ჰყვება სამხარაძე.

„ტვ პირველს“ შეხვედრის შესახებ უდასტურებს სოსო გოგაშვილიც. იგი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ [რუსეთთან] ურთიერთობაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ურთიერთობების განახლება.

„შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობების აწყობა; შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება; არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისთვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა; რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება; ასევე, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, არალეგალურად გადაცემა რუსეთისთვის“, — ნათქვამია სოსო გოგაშვილის წერილში.

გოგაშვილის მტკიცებით, უკვე 2017 წელს ვახტანგ გომელაურისა და ალექსანდრ ბორტნიკოვის შეხვედრაც ვლადიკავკაზში შედგა და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

„გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო. დამირეკა გზიდან. მე დავუკავშირდი ნინო გიორგობიანს და ვთხოვე, „აირზენას“ მოემზადებინა თვითმფრინავი. მომზადდა ჩარტერი ბოინგ 737 და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში. ამ რეისს ვაკონტროლებდი Flightradar24-ის აპლიკაციით“, — აცხადებს გოგაშვილი.

„აირზენას“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ახსოვდეს 2017 წელს ვლადიკავკაზის მიმართულებით ჩარტერული რეისის შესახებ.

გოგაშვილი კი ამტკიცებს, რომ გომელაური-ბორტნიკოვის შეხვედრის შემდეგ ჩიმაკაძე და ჭელიძე მინსკის გავლით რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მოსკოვში და შეხვდნენ რუს  ოფიცრებს — სლავას და ვადიმს [გვარებს არ ასახელებს].

„იმავე წელს, დეკემბერში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი“, — აცხადებს გოგაშვილი.

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი საუბრობს  სირიაში და ირანში საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის გეგმის შესახებ.

„ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან სხვადასხვა დროს მივიღეთ ინფორმაცია ტანკერის შესახებ, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან ფოთში. უნდა შეცვლილიყო ინფორმაცია, თითქოს საქართველოდან მიდიოდა. სინამდვილეში გემი 80%-ით სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით. დანარჩენი უნდა გადავსებულიყო საქართველოში და გადაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშალ ალ ასადთან, სირიაში.

კიდევ იყო ორი სატვირთო, ლარსიდან შემომავალი. მოწოდებული ინფორმაციით, ის დატვირთული იყო აკრძალული ტვირთით და იგზავნებოდა ირანში. ჩვენ იძულებული ვიყავით, ეს ტვირთები უკან გაგვებრუნებინა, რადგან ეს ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით“, — აცხადებს გოგაშვილი.

რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კიდევ ერთ ეპიზოდზე საუბრობს ალექსანდრე სამხარაძე. მისი თქმით, FSB-ის მაღალჩინოსნები — ალექსეი სედოვი და ალექსეი ბესედა — 2017 წელს საქართველოშიც ჩამოვიდნენ.

„როგორ ჩამოვიდნენ, დეტალები ნამდვილად არ ვიცი. შეხვედრა დაინიშნა ვახტანგ გომელაურის რესტორანში, მცხეთაში. რესტორანი მთლიანად დაკეტილი იყო. არავის ვუშვებდით. მომსახურე პერსონალიც კი არ იყო, გარდა მზარეულისა, და მომსახურეობას ჩვენ თვითონ, სუს-ის თანაშრომლები ვუწევდით. სუფრასთან შეხვედრა დაახლოებით 2-3 საათი გაგრძელდა“, — ამბობს სამხარაძე.

მისივე ინფორმაციით, მცხეთიდან სუს-ის და FSB-ის მაღალჩინოსნები მეტეხის ტაძართან გაემზავრნენ, სადაც ფოტოები გადაიღეს, „გაცილების სუფრა“ კი მთაწმინდის რესტორან „ანდერვილშიც“ გაიმართა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, რუსმა სტუმრებმა გომელაურს FSB-ის გამოსახულებით დროშა, გერბი და საათი აჩუქეს.

„ნეტგაზეთი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. სუს-ში არ უპასუხეს ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას.

საგამოძიებო კომისია 

პარტია „ლელო“ აცხადებს, რომ საპარლამენტო ფრაქციებთან დღესვე დაიწყებს კონსულტაციებს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების შესახებ.

„ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, მათ შორის შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების სისტემატური თანამშრომლობის მიზნები, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
კერძოდ, იკვეთება თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი რამდენიმე სავარაუდო დანაშაული, როგორიცაა ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და სხვა. „ლელო“ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებული ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენს“, — განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ არის გამოძიების დაწყების საფუძველი, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, მით უმეტეს კი, ობიექტურობის მოლოდინი არის ფუჭი.

„ქართული ოცნების“ პოზიცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რთული და პრაქტიკულად წარმოუდგენელია პარლამენტში „ასეთ თითიდან გამოწოვილ საკითხებზე“ მსჯელობის გამართვა.

„ეს განცხადებები, როგორც ჩანს, გამიზნულად გაკეთდა, რათა ნიადაგი შეამზადოს შესაბამისი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის. დღეს არ ერთვებიან სამუშაო ჯგუფებში, მიზანმიმართულად აკეთებენ დეზინფორმაციულ განცხადებებს და, პრაქტიკულად, დღის წესრიგი არ გააჩნიათ.

ამიტომ ეს არის ნაცადი ხერხი, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგი უნდა შეუმზადდეთ. ნიადაგის შემზადებაა ზუსტად ის, რომ თითქოს რაღაც შავბნელი კავშირები არსებობს. ეს არ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ეს არის ერთიანი პროცესი, რომ რადიკალიზაცია მოხდეს“, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კანონმდებლობით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს, ხოლო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი