„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბიულიუსს ქართული სახელმწიფოს წინაშე ბოდიში აქვს მოსახდელი.
ასე უპასუხა კობახიძემ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს.
„მე შეგახსენებთ, რა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა და თქვენ იმსჯელეთ. მან თქვა ასეთი რაღაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია და კონკრეტულად მისი ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაც თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ადამიანი. თავად განსაჯეთ, როდესაც ასეთ ბრალს უყენებ და უკადრებელს აბრალებ ამერიკელ პარტნიორებს, რა შეფასებას იმსახურებს ეს ქალბატონი
კუბილიუსი პირდაპირ არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. რა ამოძრავებს არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია მე არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, – ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, 8 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რომლებიც თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა, ის არსად შესაშვები არაა. მანამდე ფონ კრამონმა განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დირექტორის მოსანახულებლად ციხეში არ შეუშვეს.
“…ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, მე მგონია, რომ ის არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“, — თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.
ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად იმყოფებოდა.
კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა თავად ევროპარლამენტარიც. ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კობახიძე ყოველ ჯერზე უფრო ქვემოთ ეშვება. ევროპარლამენტარმა “ტვიტერზე” გააზიარა მოძრაობა “სირცხვილია” პოსტი, რომელშიც კობახიძის განცხადებებია მოყვანილი.
“ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს. საწყალი საქართველო. მისმა ხალხმა უკეთესი დაიმსახურა. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, — წერს ფონ კრამონი.
