ახალი ამბები

კუბილიუსი: კობახიძემ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს

9 სექტემბერი, 2022 • 997
კუბილიუსი: კობახიძემ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ვიოლა ფონ კრამონის მიმართ გაკეთებულ კომენტარს „ტვიტერზე“ ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს.

კუბილიუსის თქმით, ამგვარი ენით საუბარი და ბრალდებები ყოვლად მიუღებელია ევროპული პოლიტიკური კულტურისთვის:

„ქართული ოცნების ლიდერმა კობახიძემ დაუყოვნებლივ ბორში უნდა მოუხადოს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კარმონს. ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და აზიანებს „ქართული ოცნების“ დეკლარირებულ მცდელობას მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი,“ – აცხადებს კუბილიუსი.

გუშინ, 8 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რომლებიც თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა, ის არსად შესაშვები არაა. მანამდე ფონ კრამონმა განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დირექტორის მოსანახულებლად ციხეში არ შეუშვეს.

“…ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, მე მგონია, რომ ის არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“, — თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად იმყოფებოდა.

კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა თავად ევროპარლამენტარიც. ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კობახიძე ყოველ ჯერზე უფრო ქვემოთ ეშვება. ევროპარლამენტარმა “ტვიტერზე” გააზიარა მოძრაობა “სირცხვილია” პოსტი, რომელშიც კობახიძის განცხადებებია მოყვანილი.

“ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს. საწყალი საქართველო. მისმა ხალხმა უკეთესი დაიმსახურა. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, — წერს ფონ კრამონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი