ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სამეფო ოჯახს ელისაბედ II-ის გარდაცვალებას უსამძიმრებენ

8 სექტემბერი, 2022 • 866
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სამეფო ოჯახს ელისაბედ II-ის გარდაცვალებას უსამძიმრებენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეფო ოჯახს გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებას უსამძიმრებენ.

პრეზიდენტი “ტვიტერზე” წერს:

“მისმა უდიდებულესობამ, დედოფალმა ელისაბედ II-მ, იცხოვრა თავისი ხალხის, ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით.

დემოკრატიისა და ღირსების ღირებულებებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების ეტალონი, რომელმაც უნიკალური ადგილი დაიმსახურა ისტორიაში.

ჩემი ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა”.

ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმარში ვკითხულობთ:

“გულწრფელად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს.

მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობდა ერს ათწლეულების განმავლობაში, მას პატივს სცემდნენ და კარგად დაამახსოვრდებათ მომავალ თაობებს”.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, შუადღისას გარდაიცვალა. ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ადასტურებს.

ცნობა იმის შესახებ, რომ დედოფალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ბუკინგემის სასახლემ მონარქის გარდაცვალების დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა. ამ ფონზე, სამეფო ოჯახის წევრები შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის სასახლისკენ გაემართნენ.

ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა.

2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებდა ტახტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი