ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს მათ ტერიტორიაზე შესვლას 19 სექტემბრიდან შეუზღუდავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. არხის ცნობით, აღნიშნული განცხადება ესტონეთის მთავრობის წევრებმა დღეს, 8 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

“ლატვიასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან ერთად, გვინდა მნიშვნელოვნად შევზღუდოთ ტურისტული მიზნით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა. დღეს ლატვიის, ლიეტუვის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად ამის შესახებ გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენ უკვე შევაფასეთ ეს, როგორც საჭირო ქმედება”, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

კალასმა განმარტა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი უსაფრთხოების დაცვაა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე აქტიურ ომთან ერთად პარალელურად მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, ესტონეთი ვერ აკონტროლებს ყველა შემომსვლელს. მისი თქმით, ესტონეთს უდიდესი რესურსი დასჭირდება საზღვარზე უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

ამასთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ევროკომისიაც და აღიარებს საზღვრისპირა ქვეყნების უფლებას, შეზღუდვების დაწესების საკითხი გადაწყვიტონ ეროვნულ დონეზე.

კალასმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად ასევე დაასახელა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული განწყობები რუსეთის მოსახლეობაში. მისი თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთის ომს უკრაინაში მოსახლეობის 70% უჭერს მხარს “ევროკავშირში მოგზაურობა კი არა ხალხის უფლება, არამედ პრივილეგიაა”.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არ წავიდნენ ესტონეთში – “თქვენ აქ სასურველი სტუმრები არ ხართ”, – განაცხადა მან.

აკრძალვა არ შეეხება ჰუმინატურული და ოჯახური მიზნით ვიზიტებს. ასევე, თავშესაფრის მაძიებლებს რუსეთიდან.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ 19 სექტემბრიდან შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ამ ქვეყნებში ტურისტული, სპორტული და კულტურული მიზნებით მოგზაურობა სურთ, ესტონეთში შესვლას ვერ შეძლებენ. ასევე ძალაში დარჩება შეზღუდვები, რომელიც ესტონეთმა ზაფხულში შემოიღო.

“ამით ჩვენ რუსეთის მოქალაქეებს მნიშვნელოვან გზას ვუკეტავთ ევროკავშირისკენ”, – განაცხადა მან.