ახალი ამბები

არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან — კობახიძე კრამონზე

8 სექტემბერი, 2022 • 1172
არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან — კობახიძე კრამონზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა, ის არათუ ნიკა გვარამიას მოსანახულებლად, არამედ არსად შესაშვები არაა.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 8 სექტემბერს ისაუბრა.

„ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია და მისი განცხადებებით, რომელიც გასული დღეების განმავლობაში აკეთა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. მათ შორის ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, მე მგონია, რომ ის არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“, — განაცხადა კობახიძემ.

თბილისში ვიზიტით ყოფნისას ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი უთხრეს. ევროპარლამენტარი ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია გვარამიასადმი სოლიდარობის ჩვენება.

„ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი საქმე. ის დააპატიმრეს უკანონოდ და ჩვენ ამის შესახებ ინფორმირებულობა უნდა გავზარდოთ აქ, საქართველოში და ასევე, საერთაშორისო მასშტაბით. ეს არის ერთ-ერთი საქმე, რის გამოც ჩვენ ვითხოვთ მედიის თავისუფლების გარანტირებას, რაც უფრო რთულდება. ჟურნალისტები (არა მხოლოდ გვარამია) საფრთხეში არიან“, — თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი