ახალი ამბები

დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა – ქადაგიშვილი აშშ-ს საელჩოს

8 სექტემბერი, 2022 •
დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა – ქადაგიშვილი აშშ-ს საელჩოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. მოსმენების კანონის მიღების გამო აშშ-ს საელჩოს კრიტიკას პასუხობს და მათ კანონების წაკითხვისკენ მოუწოდებს.

საუბარია მოსმენების შესახებ სადავო კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ის დაძლია.

სწორედ ამას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.

„ძალიან დიდ პატივს ვცემთ აშშ-ის საელჩოს, მაგრამ, სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირება არის საჭირო, მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღონო… დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?!“  განაცხადა ქადაგიშვილმა.


ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო, რაც  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები.

ასევე იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო და პირველ ივლისს ვენეციის კომისიას მიმართა თავისი მოსაზრების წარმოსადგენად.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, 26 აგვისტოს „გადაუდებელი მოსაზრება“ გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელმაც კანონპროექტს „ნაჩქარევი“ უწოდა და მისი გადახედვა მოითხოვა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურები დაიწყო და საბოლოოდ დაძლია კიდეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი