ახალი ამბები

ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტში შესწორებები შევიდა

8 სექტემბერი, 2022 • 911
ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტში შესწორებები შევიდა

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში შესწორებები შევიდა. კერძოდ, შესწორებების შემდეგ ზოგიერთი საკითხი არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, არამედ პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირდება.

შესწორებებზე მსჯელობა დღეს, 8 სექტემბერს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გაიმართა.

კანონპროექტზე მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი განხილვისას სამი საკითხი გამოიკვეთა და გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია აღნიშნული საკითხები განისაზღვროს არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ტექსტში, არამედ აისახოს რეგლამენტში.

„ერთ-ერთი საკითხი ეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც იქმნება შეფასების მიზნით და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ მათ არ ექნებათ ვინმეს, მაგალითად, ხარისხობრივი მაჩვენებლების გამო დისკვალიფიკაციის შესაძლებლობა. იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც წარმოდგენილი განაცხადები არ შეფასდებიან იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ კანონთან არსებობს წინააღმდეგობა. კერძოდ, არ შეიძლება ორჯერ ერთი კანდიდატის წარდგენა. სახალხო დამცველად რომ აირჩეს პირი, აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და ასევე, არ შეიძლება მოქმედი სახალხო დამცველის წარდგენა.

მეორე საკითხი, რაზეც შევთანხმდით ისაა, რომ უფლებამოსილმა სუბიექტებმა კანდიდატურები ნომინირებისთვის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან აარჩიონ. ეს წესიც რეგლამენტით განისაზღვრება. ასევე, განისაზღვრება, რომ სამუშაო ჯგუფი 9 წევრისგან შედგება. მესამე საკითხი უკავშირდება კონსულტაციების გამართვის საჭიროებას, ვიდრე სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.


31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.  „ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ იდგა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილები გააკრიტიკა მოქმედმა სახალხო დამცველმაც, ვინაიდან კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის წესი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დგინდებოდა.

სახალხო დამცველის მოსაზრებით კი, უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები კანონით იქნას მოწესრიგებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ევროკავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობის მინიჭებას დამოუკიდებელი პირისათვის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

 

რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

მასალების გადაბეჭდვის წესი