ახალი ამბები

„ოცნების“ მიერ ინიცირებულ სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესს ომბუდსმენი აკრიტიკებს

7 სექტემბერი, 2022 • 1179
„ოცნების“ მიერ ინიცირებულ სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესს ომბუდსმენი აკრიტიკებს

სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებს აკრიტიკებს, რომლითაც ახალი ომბუდსმენის არჩევის წესი იცვლება.

საუბარია, რეგლამენტში დაგეგმილ ერთჯერად ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება. კერძოდ, კანდიდატის წარდგენის წესი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგინდება. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

სახალხო დამცველის მოსაზრებით კი, უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები კანონით იქნას მოწესრიგებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს.

„რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეს, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია არაერთ საერთაშორისო სტანდარტზე, რომელთა შესახებ ბოლო წლების განმავლობაში სახალხო დამცველი პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილობით დოკუმენტებშიც საუბრობდა და სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების და წესის დეტალური საკანონმდებლო გარანტიების შექმნის საჭიროებას უსვამდა ხაზს.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი თუ დოკუმენტი არ საუბრობს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების მხოლოდ დროებით შემოღებაზე, არამედ უთითებს მათი საკანონმდებლო დონეზე მყარად განსაზღვრის საჭიროებას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

„კანონპროექტის წინამდებარე ვერსიის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საჯაროდ დაინტერესებული პირებისათვის კანონპროექტის ტექსტი და საკომიტეტო მოსმენის დრო წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ცნობილი არ იყო.

„აღნიშნული წინაპირობების გარეშე შეუძლებელია საუბარი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობის შექმნასა და ინკლუზიურ პროცესზე რაც სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვის პროცესში მხედველობაში მიიღებს აღნიშნულ მოსაზრებებს და სტანდარტებს და სახალხო დამცველის მიუკერძოებელი, ობიექტური და მაღალკვალიფიციური კანდიდატურა, მათ საფუძველზე და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად იქნება შერჩეული.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ევროკავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობის მინიჭებას დამოუკიდებელი პირისათვის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

თუმცა, მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სწორედ ნინო ლომჯარიას მაგალითზე ამბობდა, რომ ოპოზიციისთვის „არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლებოდა“.

შესაბამისად, „ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ იდგა.

რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

მასალების გადაბეჭდვის წესი