ახალი ამბები

ქვემო ოროზმანში 1.7-1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს – არქეოლოგები

8 სექტემბერი, 2022 • 1675
ქვემო ოროზმანში 1.7-1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს – არქეოლოგები

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე, რომელიც 1.7-1.8 მილიონი წლით თარიღდება, პრეისტორიული ადამიანის, ჰომო ერექტუსის კბილი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრი იტყობინება.

არქეოლოგი და პალეონტოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ქვემო ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე წარსულში აღმოუჩენიათ როგორც ქვის იარაღები, ისე ცხოველების ნაშთები. თუმცა, ესაა პირველი შემთხვევა, როცა ხსენებულ ძეგლზე ჰომო ერექტუსის ნაშთი იპოვეს.

“ესაა პირველი შემთხვევა, როცა დმანისის გარეთ, სხვა ტერიტორიაზე აღმოჩნდა იგივე პერიოდის ნამარხი”, — აღნიშნავს წიქარიძე და ამატებს, რომ სწორედ ამის გამოა ხსენებული აღმოჩენა მნიშვნელოვანი.

მისი თქმით, სპეციალისტებს შეეძლებათ, ისაუბრონ საკუთრივ ჰომო ერექტუსის, მისი ყოფის, ანატომიის შესახებ და შეადარონ ხსენებული ნამარხი სხვა, მათ შორის, უშუალოდ დმანისის ნამარხებს.

“როგორც ჩანს, ამ ძეგლის შესწავლა [ჰომო ერექტუსის] პოპულაციის გავრცელების არეალზე მეტ ინფორმაციას მოგვცემს”, — გვეუბნება არქეოლოგი.

ქვემო ოროზმანის ძეგლის კვლევა 2019 წელს დაიწყო. ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი, რომელიც მიმდინარე წელს გაათავისუფლების ეროვნული მუზეუმიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი