ახალი ამბები

ზელენსკიმ ზურაბიშვილსა და საქართველოს მადლობა გადაუხადა

6 სექტემბერი, 2022 • 1310
ზელენსკიმ ზურაბიშვილსა და საქართველოს მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მადლობას უხდის ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის.

ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა, რომელიც კონფერენცია „Slava Ukraini-ს“ ფარგლებში გაიმართა.

„მინდა გულწრფელი მადლობა გამოვხატო თქვენი და თქვენი ქვეყნის მიმართ 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობის მიღებისთვის. სამიტმა წარმოაჩინა მსოფლიო დემოკრატიის ერთიანობა და სიმტკიცე უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის რუსული აგრესიისგან დაცვის საქმეში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა ნათლად განაცხადეს, რომ არასდროს შეეგუებიან ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ დროებით ოკუპაციას და არასოდეს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას.

სამიტმა ასევე ცხადყო უკრაინელი ხალხის უფლება, დაიცვან საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, რომელიც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და გაათავისუფლონ საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული უკრაინის მთელი ტერიტორია, ნახევარკუნძულის ჩათვლით.

მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული ადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ფასდაუდებელია ჩვენთვის, რადგან მხარდაჭერა გვაახლოვებს ჩვენს გამარჯვებასთან.

ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება მალე, ოკუპანტებისგან გავათავისუფლოდ და პასუხი ვაგებინოთ ომზე პასუხისმგებელ პირებს.

მოუთმენლად ველი ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მწამს, რომ გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა პრეზიდენტთან მიღებაზე წაიკითხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი