დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასის არჩევის შემდეგ, კრემლში არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობები გაუარესდეს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა, რომლის განცხადებასაც რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
პესკოვის თქმით, ლიზ ტრასის პრემიერად არჩევის შემდეგ მოვლენების ნებისმიერი სახით განვითარებას უნდა ელოდნენ.
„მას ჩვენზე კარგი არაფერი უთქვამს, მეტიც, სინანულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი განცხადებები ჩვენს მიმართ იყო აგრესიული, არამეგობრული და არაკონსტრუქციული. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში[ლონდონთან ურთიერთობებში] დიდად არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა პესკოვმა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ტრასის გაპრემიერების შემდეგ ლონდონთან ურთიერთობების გაუარესება, პესკოვმა უპასუხა, რომ „არაპროგნოზირებადობის გათვალისწინებით, ეს გამორიცხული არ არის“.
ლიზ ტრასი, რომელიც რუსეთის მიმართ ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევა, გაერთიანებული სამეფოს კონსერვატორთა პარტიის ლიდერად და, შესაბამისად პრემიერ-მინისტრად 5 სექტემბერს აირჩიეს. ტრასმა პრემიერის პოსტზე ბორის ჯონსონი ჩაანაცვლა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრასის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ბორის ჯონსონის მსგავსად ისიც უკრაინის ყველაზე დიდი მეგობარი იქნებოდა.
თავის მხრივ, ჯონსონმა ტრასისითვის პრემიერად დანიშვნის მილოცვისას ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერას. ამასთან, ჯონსონმა გუშინვე, პრემიერის რანგში ბოლო სამუშაო დღეს სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ჯონსონის განცხადებით, მან ზელენსკის უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე გააგრძელებს.
„რადგან ვიცით, რომ თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა“, – დაწერა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ჯონსონმა ტვიტერზე.
ზელენსკის განცხადებით კი, მან უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ჯონსონს „მისი პიროვნულ გამბედაობის, პრინციპების ერთგულებისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამორჩეულ წვლილისთვის“.