ახალი ამბები

ისრაელი ამბობს, რომ პალესტინელ ჟურნალისტს, დიდი ალბათობით, ისრაელის ძალებმა ესროლეს

6 სექტემბერი, 2022 • 1495
ისრაელი ამბობს, რომ პალესტინელ ჟურნალისტს, დიდი ალბათობით, ისრაელის ძალებმა ესროლეს

ისრაელის არმიამ აღიარა, რომ დასავლეთ სანაპიროზე მოკლულ პალესტინელ-ამერიკელ ჟურნალისტს, შირინ აბუ აკილას, დიდი ალბათობით, მათივე ჯარისკაცმა ესროლა. თუმცა, ისრაელის განცხადების მიხედვით, გასროლა შემთხვევითი იყო და ამისთვის არავინ დაისჯება.

51 წლის ჟურნალისტი შირინ აბუ აკილა მაისში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინურ ქალაქ ჯინინში, ისრაელის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის გაშუქებისას მოკლეს. მკვლელობის მომენტში მას ჩაფხუტი ეხურა და ეცვა უნიფორმა, წარწერით “პრესა”.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება, რომელიც რამდენიმეთვიანი შიდა გამოძიების შემდეგ, 4 სექტემბერს გამოქვეყნდა, წარმოადგენს ცვლილებას თავდაპირველი პოზიციისა, რომლის თანახმადაც, “ალ-ჯაზირას” ვეტერანი ჟურნალისტი, სავარაუდოდ, პალესტინელი შეიარაღებულების მხრიდან გახსნილ ცეცხლს შეეწირა.

მიუხედავად ამისა, განცხადების მიხედვით, ისრაელის არმიაში დარწმუნებულნი არიან, რომ მათ არც ერთ ჯარისკაცს არ ამოუღია მიზანში შირინ აბუ აკილა, განზრახ არ უსვრია მისი მიმართულებით და ამბობენ, რომ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება არ იგეგმება.

შირინ აბუ აკილა 

“როგორც ჩანს, შეუძლებელია ცალსახად დადგინდეს გასროლის წყარო, რომელიც მოხვდა ქალბატონ აბუ აკილას. თუმცა, დიდი ალბათობაა, რომ ქალბატონ აბუ აკილას შემთხვევით მოხვდა ისრაელის თავდაცვის ძალების ტყვია, გასროლილი ეჭვმიტანილთა მიმართ, რომლებიც იდენტიფიცირებულნი იყვნენ, როგორც პალესტინელი შეიარაღებული პირები”, — წერია განცხადებაში.

ისრაელი აღწერს ხსენებულ პროცესს, როგორც ორმხრივ ცეცხლს, რომლის დროსაც “სიცოცხლისთვის საშიშ, ფართო და განურჩეველ” სროლას ჰქონდა ადგილი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცთა მიმართ.

“კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც რელევანტურად რჩება, არის ის, რომ ქალბატონ აბუ აკილას პალესტინელი შეიარაღებული პირების მიერ ნასროლი ტყვიები მოხვდა”, — ამბობს ისრაელი.

ხსენებულ განცხადებამდე იყო რამდენიმე დამოუკიდებელი გამოძიება, მათ შორის, ამერიკული New York Times-სა, რომლის თანახმადაც, შირინ აბუ აკილას ისრაელის სამხედრო კოლონის სავარაუდო ადგილსამყოფლიდან გასროლილი ტყვია მოხვდა.

“[ჩვენს] მიერ მიმოხილულმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ როდესაც [აბუ აკილას] ესროლეს, მის მახლობლად შეიარაღებული პალესტინელები არ იმყოფებოდნენ.

განხილული მტკიცებულებები ეწინააღმდეგებოდა ისრაელის მტკიცებას, რომ თუ ჯარისკაცმა შეცდომით მოკლა იგი, ეს იმის გამო მოხდა, რომ ის პალესტინელ შეიარაღებულ პირს ესროდა”, — წერს New York Times.

ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა ტელეკომპანია CNN-მაც, რომლის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულება — მათ შორის, სროლის ადგილას გადაღებული 2 ვიდეო — აჩვენებდა, რომ ჟურნალისტის სიკვდილის წინ მასთან ახლოს არ ყოფილა აქტიური ბრძოლა და არც პალესტინელი შეიარაღებულები მდგარან.

ტელეარხის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული კადრების საფუძველზე — რომლებსაც ამყარებდა 8 მოწმის, ასევე, აუდიო ანალიტიკოსისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტის ჩვენებები — გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ისრაელის ძალებმა განზრახ ამოიღეს მიზანში “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტი. ისრაელმა აღნიშნული უარყო.

შირინ აბუ აკილას გრაფიტი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ბეთლემში. ფოტო: Abed Al Hashlamoun/EPA 

New York Times-ის ცნობით, ისრაელის არმიის მიერ 4 სექტემბერს გავრცელებული განცხადება აბუ აკილას ოჯახმა მისი ორაზროვანი ბუნების გამო გააკრიტიკა. მოკლული ჟურნალისტის დამ, ლინა აბუ აკილამ გამოცემასთან საუბრისას  თქვა, რომ განცხადებამ გაამყარა მოთხოვნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების ან აშშ-ის მიერ ახალი გამოძიების წარმოების შესახებ.

აშშ-მა მანამდე დაასკვნა, რომ აბუ აკილას, სავარაუდოდ, ისრაელის სამხედრო პოზიციებიდან ესროლეს, თუმცა ეს შემთხვევით მოხდა. გამოძიების ამ დასკვნამ მრავალი პალესტინელის ბრაზი გამოიწვია.

პალესტინის ადმინისტრაციამ, რომელიც დასავლეთ სანაპიროს 40%-ს აკონტროლებს, თქვა, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა გამიზნულად მოკლეს ჟურნალისტი და უარი თქვა ისრაელთან ერთობლივი გამოძიების წარმოებაზე, აღნიშნა რა, რომ არ ენდობა მას.

ისრაელის თავდაცვის ძალებში მკვლელობის დღესვე უარყვეს ჟურნალისტის მიზანში ამოღება და აღნიშნეს, რომ იძიებდნენ “შესაძლებლობას”, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს პალესტინელი შეიარაღებულების მხრიდან ესროლეს.

თუმცა, რამდენიმე დღს შემდეგ ისრაელმა თქვა, რომ შეუძლებელი იყო სროლის წყაროს ცალსახად დადგენა და შესაძლოა, ჟურნალისტი მოკლულიყო  პალესტინელ შეიარაღებულთა მიერ ისრაელელების მიმართულებით სროლისას ან ისრაელელი ჯარისკაცის მიერ საპასუხოდ ნასროლი ტყვიის შეცდომით მოხვედრის შედეგად.

New York Times-ის მიხედვით, 2022 წელს ისრაელის არმიის მიერ დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებული რეიდებისას 80 პალესტინელი დაიღუპა, საიდანაც “ბევრი შეიარაღებული იყო, თუმცა ზოგიერთი — სამოქალაქო პირი”.

ისრაელის პოლიცია თავს დაესხა შირინ აბუ აკილას დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეებს. ფოტო: Maya Levin/Associated Press

ვეტერანი ჟურნალისტის მკვლელობას თან ერთოდა მწვავე დაძაბულობა ისრაელსა და პალესტინელებს შორის. BBC იმ პერიოდში წერდა, რომ “ისრაელის არაბებისა და პალესტინელების თავდასხმების ტალღამ” 17 ისრაელელი და ორი უკრაინელი იმსხვერპლა.

იერუსალიმში დაბადებული შირინ აბუ აკილა ცნობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც “ალ-ჯაზირასთვის” წლების განმავლობაში აშუქებდა ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტს და ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციას.

მისი მკვლელობა ფართოდ დაგმეს მსოფლიოს გარშემო, ჟურნალისტის დაკრძალვაზე კი აღმოსავლეთ იერუსალიმში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ცერემონიის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ისრაელის პოლიცია პროცესიის მონაწილეებს ხელკეტებითა და ხმოვანი ყუმბარებით თავს დაესხა, რა დროსაც კუბო ლამის მიწაზე დავარდა.

პოლიციამ თავისი ქმედება პროცესიის მონაწილეების მიერ “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით” ახსნა და პოლიციელთა მიმართ ქვების სროლაზე ისაუბრა. მანვე თქვა, რომ პროცესში ჩაერია, ვინაიდან შეკრებილებს სურდათ, ხელით წაეღოთ კუბო და არა ავტომანქანით, როგორც ეს მანამდე იყო შეთანხმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი