ახალი ამბები

“ტყუილი და აფერისტობაა” – ხიდაშელი უკრაინულ სიაზე, სადაც მის სანქცირებას ითხოვენ

5 სექტემბერი, 2022 •
“ტყუილი და აფერისტობაა” – ხიდაშელი უკრაინულ სიაზე, სადაც მის სანქცირებას ითხოვენ

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ქართველი ბიზნესმენების სიაში მოხვდა, ვის დასანქცირებასაც ითხოვენ, აცხადებს, რომ “აფერისტობებს აქვს ადგილი” და ამის მიზეზი არ არსებობს. ამის შესახებ ხიდაშელმა “ნეტგაზეთთან” განაცხადა.

“ალბათ ახალი ზღაპრებია. ეს პროვოკაცია და აფერისტობაა. ერთი მიზეზი მაინც დაასახელონ. მეც რომ დავიწყო თქვენზე ტყუილი ბრალდებები და თქვენ კანონის ძალით ვერ გამაჩეროთ, ან საქვეყნოდ დამსაჯოთ, აბა, ეს მისაღებია? აზრზე არ ვარ, ტყუილია ეს ბრალდებები, ერთი ფაქტი მაინც დადოს ვინმემ”, – მისწერა “ნეტგაზეთს” ხიდაშელმა უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში მის მოხვედრასთან დაკავშირებით.

უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, სადაც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო სხვადასხვა პირის სანქცირებას ითხოვენ. სიაში ქართველი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გვარებიც მოხვდა.

მათ შორის არიან, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი მათე მამაცაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, სულხან პაპაშვილი და ირაკლი რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ცოლი ქეთევან ხარაიძე და თავად ბიძინა ივანიშვილი.

დავით ხიდაშელის შესახებ ვებგვერდზე წერია:

“დავით ხიდაშელი ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. [ივანიშვილი] საქართველოს ე.წ. “არაფორმალური მმართველია”, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის – ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მხრივ, რაც ხელს უწყობს რუსეთის რეჟიმს, რომელმაც გაეროს ნორმატიული აქტების საწინააღმდეგოდ მოამზადა და აწარმოებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც კაცობრიობის წინააღმდეგ სჩადიან დანაშაულს და ახდენენ უკრაინელი ხალხის გენოციდს.

ასევე, შუამავალი ედილაშვილი ქართლოსის დახმარებით მართავს ბერძნულ კომპანიას INTRACOM S.A TELECOM SOLUTIONS – სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და გადაწყვეტილებების გლობალურ მიმწოდებელს, შპს INTRACOM SVYAZ-ის დამფუძნებელს (TIN 7703350629), რომელიც ამარაგებს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას, რითაც რუსეთის ბიუჯეტში მაღალი შემოსავალი შეაქვს. კომპანიის შემოსავლებმა 2021 წელს 2 მილიარდი რუბლი შეადგინა. ამრიგად, სუბიექტი მატერიალურად ან ფინანსურად უჭერს მხარს იმ ქმედებებს, რაც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას”, – ნათქვამია საიტზე ხიდაშელის შესახებ.

ვებგვერდის აღწერაში ნათქვამია, რომ მონაცემთა ბაზის მიზანია დაეხმაროს უკრაინის მოკავშირეებსა და პარტნიორებს საზღვარგარეთ მოახდინონ სანქცირებადი პირების იდენტიფიცირება. ვებსაიტზე მითითებულია, რომ პროექტის პარტნიორია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო.


დავით ხიდაშელი ბიზნესმენია, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებს, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა საქმე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ და შემდეგ მათი დაკავება.

თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის “ვალი მიჰყვება”.

დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.

ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.

ასევე, ხიდაშელის ოჯახმა 10 020 000 ლარად იყიდა ე.წ რიყის დოქები. ინვესტორი ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი