ახალი ამბები

მოსკოვში, გორბაჩოვთან დამშვიდობების ცერემონიაზე, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

4 სექტემბერი, 2022 • 986
მოსკოვში, გორბაჩოვთან დამშვიდობების ცერემონიაზე, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, მიხეილ გორბაჩოვთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას რუსეთში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაპროექტი OVD-Info ავრცელებს.

მედიაპროექტის მიხედვით, დაკავებულთა შორისაა პენსიონერი ქალი, რომელთანაც პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც ცერემონიაზე მისულთა რიგებიდან რუსეთის უსაფრთხოების ძალებისადმი კრიტიკა მოისმინა.

დაკავებულის დის თანახმად, ძალოვნები, რომლებიც კრიტიკოსს ეძებდნენ, ქალთან მივიდნენ და დოკუმენტები მოსთხოვეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ძალოვნებს თავისი საპენსიო მოწმობა უჩვენა. მოგვიანებით, პენსჯონერმა დოკუმენტის დაბრუნება ითხოვა, თუმცა ის დააკავეს.

OVD-Info-ს თანახმად, დაკავებულებს შორისაა მოხუცი ქალიც, რომელიც ადგილზე “არა ომს” წარწერიანი აქსესუარით მივიდა და მოქალაქე პოლინა ბარინოვა, რომელმაც მედიაპროექტს უთხრა, რომ ისიც ომის საწინააღმდეგო წარწერის გამო დააკავეს.

კიდევ ერთ შემთხვევაში, პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც მოხუც ქალს გამოექომაგა და მოუწოდა პოლიციას, არ წაეყვანა ის.

მოგვიანებით, ყველა დაკავებული გაათავისუფლეს. ორ მათგანს, რომლებიც ომის საწინააღმდეგო წარწერებისთვის დააკავეს, შეუდგინეს ოქმი “არმიის დისკრედიტაციის” მუხლით.

OVD-Info-ს მიხედვით, 24 თებერვლიდან — რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან — დღემდე, ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის რუსეთში 16 400-ზე მეტი პირი დააკავეს.

მიხეილ გორბაჩოვის შესახებ

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 3 სექტემბერს გაიმართა საბჭოთა კავშირის უკანასკნელ მმართველთან დამშვიდობებისა და მისი დასაფლავების ცერემონია. მიხეილ გორბაჩოვი რამდენიმე დღის წინ, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გორბაჩოვი იყო საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მმართველი, რომლის დროსაც დასრულდა „ცივი ომი“ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის, ასევე, მისი მმართველობის დროს დაიშალა საბჭოთა კავშირი.

მიხეილ გორბაჩოვს 1990 წელს გადასცეს ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში „მისი წამყვანი როლისთვის, რამაც აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობების რადიკალური ცვლილებები გამოიწვია“.

მიხეილ გორბაჩოვის ისტორიულ ღვაწლს არაერთი ანალიტიკოსი და დასავლელი ლიდერი დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს შეთანხმებული აზრი იმ არაერთი სისხლიანი მოვლენების გამო, რომელიც 1980-იანი წლების მიწურულსა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა სწორედ გორბაჩოვის მმართველობისას, ძირითადად, მისი უშუალო ბრძანებით.

ასეთ მოვლენებს შორისაა სისხლიანი 9 აპრილი თბილისში, რა დროსაც საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე 21 ადამიანი მოკლეს თბილისში, გაუშვეს მომწამლავი გაზი, ფიზიკურად იძალადეს მომიტინგეებზე, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანი დაშავდა.

„შავი იანვრის“ სახელით არის ცნობილი ასევე დამოუკიდებლობის მომხრე მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლიანი დარბევა აზერბაიჯანში, რა დროსაც საბჭოთა არმიამ ბაქოში 147 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მოვლენების დროს დაშავდა 800-მდე პირი.

გარეკანის ფოტო: OVD-Info

მოსკოვში გორბაჩოვს დაემშვიდობნენ — ფოტოები

მასალების გადაბეჭდვის წესი