ახალი ამბები

მერაბიშვილი „თავისუფალი რუსეთის კონგრესზე“ სიტყვით გამოვიდა

2 სექტემბერი, 2022 • 1280
მერაბიშვილი „თავისუფალი რუსეთის კონგრესზე“ სიტყვით გამოვიდა

რიგაში მიმდინარე „თავისუფალი რუსეთის კონგრესზე“, რომელიც ორგანიზებულია „რუსეთის მოქმედების კომიტეტის“ მიერ, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. მის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გარი კასპაროვმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ, ალფრედ კოხმა და პუტინის სხვა კრიტიკოსებმა.

თავის გამოსვლაში მერაბიშვილმა გააკრიტიკა დასავლეთის რეაქცია პუტინის მიერ საქართველოში გაჩაღებულ ომსა და ყირიმის ანექსიაზე და აღნიშნა, რომ თუ დღევანდელი სანქციები რუსეთს მაშინ დაუწესდებოდა, სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში არ დაიწყებოდა.

მერაბიშვილის კრიტიკის ობიექტი საქართველოს მთავრობაც გახდა, რომელსაც მან „პრორუსული უწოდა“. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება „რეალურად არ უჭერს მხარს უკრაინას“.

მისივე განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება იაზრებს, რომ „საქართველოს მხრიდან არანაირი საფრთხე არ არის“ და სწორედ ამიტომ, არ ჰყავს დისლოცირებული სერიოზული ძალები ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„სწორად აღნიშნეთ, რომ საქართველო პუტინის აგრესიის პირველი მსხვერპლი გახდა. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და უშუალოდ ვმონაწილეობდი სამხედრო ოპერაციებში.

სამწუხაროდ, საქართველოს არ ეყო ტერიტორია… რუსული ტანკები პირველ 70 კილომეტრს შეუფერხებლად გადიან, შემდეგ კი ფუჭდებიან. აი, ეს 70 კილომეტრი თითქმის საქართველოს ნახევარია. მათ ფაქტობრივად მოწყვიტეს დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთს.

სწორად შეამჩნიეთ, რომ დასავლეთის მაშინდელი რეაგირება არაადეკვატური იყო. თუმცა, მსურს მადლობა გადავუხადო სახელმწიფოებს, რომელთა ლიდერებმაც იხსნეს თბილისი ოკუპაციისგან. მაშინ უკრაინის, ლიტვის, პოლონეთისა და ესტონეთის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ და ქალაქის ცენტრში მიტინგი ჩაატარეს.

მთავარი კი ის იყო, რომ პრეზიდენტ ბუშის პოზიციამ უზრუნველყო რუსული ჯარების გაჩერება. სამწუხაროდ, მაშინ ბუშის პრეზიდენტობა სრულდებოდა და მისი გავლენა შეზღუდული იყო“ — თქვა მერაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მან გააკრიტიკა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის დაწყების გამოც.

„უკრაინაში ომამდე, გაეროს უშიშროების საბჭოზე, მედვედევი გამოვიდა და განაცხადა: „არ შეგეშინდეთ, იქნება სანქციები, მაგრამ უკან მოხოხდებიან“. რატომ ამბობდა ასე? იმიტომ ასე მოხდა 2008 წლის მერე. ამერიკელებმა ხელი მოაწერეს ხელი „გადატვირთვას“ და რუსეთთან ურთიერთობის თავიდან აწყობა დაიწყეს.

ამან პუტინს ყირიმის ოკუპაციის და დონბასში ომის გაჩაღების საშუალება მისცა. მოდით ვაღიაროთ, რომ დასავლეთის რეაქცია მაშინაც არაადეკვატური იყო. ახლანდელი სანქციები და მობილიზაცია რომ ყოფილიყო მაშინ, ახლა ომი არ იქნებოდა.

ამჟამინდელი სიტუაციას რაც შეეხება, როგორც ტოლსტოი წერდა, „ყველა ერთნაირადაა ბედნიერი, მაგრამ განსხვავებულადაა უბედური“. ჩვენმა ქვეყნებმა იციან, რომ შემდეგები ისინი იქნებიან. ბელარუსი ფაქტობრივად ოკუპირებულია.

შემდეგი შეიძლება ყაზახეთი იყოს – პირდაპირ ცხადდება, რომ ყაზახეთის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის უნდა გახდეს. ახლა ჩვენი ლიუტუველი კოლეგა გამოდიოდა და თქვა, რომ „შემდეგი ბუჩა ლიეტუვას ელის, თუ პუტინი არ შეაჩერეს“, — თქვა მერაბიშვილმა.

მან ასევე გააკრიტიკა საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და მას „პრორუსული“ უწოდა:

„ეს ჩემთვის და ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა. ჩვენ დავზარალდით რუსეთისგან, ლიდერები ვიყავით, ახლა კი აუტსაიდერები ვართ. საქართველოს ორმაგი გათავისუფლება სჭირდება – პრორუსული მთავრობისგან და რუსეთისგან. თითქმის ასეთივე სიტუაციაა ბელარუსში.

როგორ უნდა დავიცვათ თავი მომავალი აგრესიისგან? რუკას რომ დავხედოთ, უკრაინას რუსეთი ოთხი მხრიდან დაესხა თავს. ანტირუსულმა კოალიციამ ამავე მეთოდით უნდა იმოქმედოს. რუსეთის ირგვლივ უნდა შეიქმნას დემოკრატიული ქვეყნების სარტყელი და სამოკავშირეო შეთანხმება – ესტონეთით დაწყებული და აზერბაიჯანით დამთავრებული”.

მერაბიშვილის თქმით, სიფრთხილე საჭირო იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ პუტინის რეჟიმი შეიცვლება:

„რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს იმედი, რომ პუტინის რეჟიმის ცვლილების შემდეგ რუსეთში შეიძლება დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს. იმედი გვაქვს და ალბათ ვოცნებობთ. თუმცა, არსებობს რუსული ანდაზა: „ენდე, მაგრამ შეამოწმე“.

სანამ არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ საფრთხე რუსეთიდან, პუტინის შემდეგ, არ იქნება, იქამდე ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი